როგორც საქართველოს ეროვნული ფონდის მიერ 10 მარტს გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი, ფონდმა შესაბამისი თხოვნით უკვე მიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
კერძოდ, ფონდმა სააგენტოს სთხოვა, „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიულ შენობას მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი“.
„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, დაიწყოს საჯარო დისკუსია და გამჭვირვალე გახდეს პროცესი, პირობები და ვალდებულებები შენობის ფუნქციურ განვითარებასთან დაკავშირებით, რადგან ის ამჟამად კერძო მფლობელობაშია“, - აცხადებს ეროვნული ფონდი.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა 65 100 000 ლარად 2022 წლის სექტემბერში შეისყიდა „ვისოლ ჯგუფმა“. გაყიდვის მიუხედავად, ჯერ კვლავ ამ შენობიდან მაუწყებლობს ტელევიზია და იქვე იმართება საპროტესტო დემონსტრაციები.
მფლობელი - „კოსტავა თაუერსი“
- ამჟამად შენობაც და მიმდებარე ტერიტორიაც - ჯამში 3.3 ჰექტარი - განთავსებული შენობებით, - ეკუთვნის შპს „კოსტავა თაუერსს“;
- „კოსტავა თაუერსის“ დირექტორია ვასილ ფხაკაძე, - სოსო ფხაკაძის ძმა;
- „კოსტავა თაუერსის“ მესაკუთრეა შპს „ალმა“ - გარე რეკლამის ბაზარზე მომუშავე კომპანია;
- „ალმას“ მფლობელი ახლანდელი კომპანია კი ოფშორშია რეგისტრირებული - კერძოდ, მისი მესაკუთრეა მალტაში რეგისტრირებული Global Investors Limited, C38646;
- 2024 წელს „ალმას“ მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო ასევე მალტაზე რეგისტრირებული Meridian Malta LTD C88262, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეებიც ძმები, სოსო და ვასილ ფხაკაძეები არიან.
რა მნიშვნელობისაა შენობა?
„საქართველოს ეროვნული ფონდის“ თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის - ისტორიული ტელეცენტრის - შენობა XX საუკუნის ქართული მოდერნისტული არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშია.
ფონდის შეფასებით:
- „ის წარმოადგენს თბილისის იდენტობისა და კულტურულ-სოციალური მეხსიერების ნაწილს;
- გასული საუკუნის 60-იან წლებში აგებული შენობა გმირთა მოედნის ირგვლივ განვითარებული ურბანული ქსოვილის განუყოფელი ნაწილია;
- მისი როლი და მნიშვნელობა XXI საუკუნის ინფრასტრუქტურულმა ცვლილებებმაც კი ვერ დააკნინა“.
- ფონდი ასევე შენიშნავს, რომ მაუწყებლის შენობის მიმდებარედ, ტექნიკური უნივერსიტეტის I, II და VII კორპუსებს, ასევე, 11-სართულიან საცხოვრებელსა და ცირკის შენობებს 2007 წელს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
საქართველოს ეროვნული ფონდი აცხადებს, რომ მის მიერ მოპოვებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო არ ავალდებულებს ინვესტორს, შეინარჩუნოს შენობა და მისი საზოგადოებრივი ფუნქცია.
„მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიულ შენობას უნდა მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მნიშვნელოვანია, თბილისს შევუნარჩუნოთ ტელეცენტრის მთავარი შენობა, როგორც მხატვრულ-ისტორიული, მემორიალური, სახალხო და სამეცნიერო ღირებულების მატარებელი“, - წერია განცხადებაში.