"მირტყამდნენ გვერდებში, თავში, მამშვიდებდნენ, არაფერი მოგივა, ბიჭები თავისი საქმის "ექიმები" არიანო - სხვიტარიძე

1 week ago 11

აქტივისტი საბა სხვიტარიძე, რომელიც პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული, დეტალურად იხსენებს მისი დაკავების დღეს და იმას, თუ როგორ იძალადეს მასზე დიღმის მთავარ სამმართველოში. რუსთავის #6 ციხეში მყოფი საბა სხვიტარიძის წერილი მისივე ფეისბუქგვერდზე გავრცელდა. 

სხვიტარიძე იხსენებს, რომ საპატრულო პოლიციამ ზესტაფონის გზაზე, ღამის პირველ-ორ საათზე აიყვანა მაშინ, როდესაც იგი მამასთან ერთად გადაადგილდებოდა.

"დამადეს ხელბორკილი, რაზეც მოვითხოვე განემარტათ, თუ რატომ მაკავებდნენ და მოვითხოვე სამხრე კამერის ჩართვა, სულ რამდენიმე წამით ჩართეს კამერა და ისევ გამორთეს, პასუხი თუ რაზე მაკავებდნენ მიპასუხეს, რომ მეტყვიან სხვები, როდესაც მამაჩემს ვუთხარი დაერეკა ჩემს ადვოკატთან, მამაჩემს ჩამოართვეს ტელეფონი, რა თქმა უნდა პასუხი დაკავების მიზეზის შესახებ ვერ მივიღე", - ჰყვება ის.

სხვიტარიძის თქმით, პატრულმა იგი გორში, "შავ ოპერატიულ მანქანაში" გადასვა, საიდანაც თბილისის მიმართულებით დაიძრნენ. ამბობს, რომ არც თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს განუმარტავთ დაკავების მიზეზი.

"დამადეს ხელბორკილი და მითხრეს, რომ 20 წუთში გავიგებდი რატომ ვიყავი დაკავებული. როდესაც მივედით თბილისის მთავარ სამმართველოსთან მომხსნეს ბორკილები და მითხრეს, რომ დაკავებული არ ვიყავი, მოწმის სტატუსით მომიყვანეს სამმართველოში, საშვი გამიფორმეს და ამიყვანეს მე-5 სართულზე, ყველაფერი აქედან დაიწყო.

ერთ-ერთის კაბინეტში შემიყვანეს და მეუბნებოდნენ, რომ პოლიციელზე ძალადობა არავის შერჩება, რაზეც ვუთხარი, რომ მე პოლიციელზე არ მიძალადია. ამის პასუხად მითხრეს რომ მალე გავერკვეოდი ვისზე ვიძალადე და ვისზე არა და დაუძახეს ვიღაც ნიღბიანებს", - იხსენებს აქტივისტი და აღწერს, როგორ იძალადა მასზე "ოთხმა კარგად ნავარჯშებმა ზონდერმა".

"მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც არ ვიცი პერიოდულად გონებას ვკარგავდი. რაღაც დროის შემდეგ დაბრუნდნენ ის პოლიციელები და ზონდერებმაც დატოვეს ოთახი.

მე ვეუბნებოდი, რომ თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა, პარკი მომაწოდეს და მამშვიდებდნენ არაფერი მოგივა ეს ბიჭები თავისი საქმის ‘’ექიმები’’ არიანო, ამ ქალაქში ასე ’’პროფესიონალურად’’ საქმეს არავინ ასრულებსო. როცა ვითხოვდი სასწრაფოს ირონიით მიმეორებდნენ გზაშიაო, აქ, რომ მორჩნენ თავიანთ საქმეს გადამაბარეს 3 თანამშრომელს, რომლებმაც ამიყვანეს მე-8 სართულზე, ჯერ შემიყვანეს უფროსის ოთახში, სადაც სამნი ისხდნენ, მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მითხრეს, რომ ჩვენებას დავწერდი!"

იიგი, ასევე იხსენებს, რომ გამომძიებლის ოთახში დახვდა ქალი გამომძიებელი და კაცი, რომელიც ოქმს ავსებდა. სხვიტარიძის სიტყვებით, კაცმა მას დაზიანებებზე ჰკითხა, ნახვის შემდეგ კი სიწითლეები მოინიშნა და ქალ გამომძიებელს ოთახი დაატოვებინა, რა დროსაც შემოვიდა ერთი "ნიღბიანი ზონდერი" და მეორე საპატრულოს ფორმაში "პირბადიანი კუნთმაგარი პოლიციელი".

"დაიწყო ისევ ძალადობა ჩემზე, მირტყამდნენ ფეხებს და თავზე გადამამტვრიეს სხვადასხვა ხის ნივთები.

დაბრუნდნენ გამომძიებლები და მეუბნებოდნენ ვიძალადე თუ არა პოლიციაზე, ჩემი პასუხი იყო რომ არა. ამის შემდეგ ისევ თავიდან შეამოწმეს დაზიანებები, გააფორმეს ოქმი რაზეც მე ხელი არ მოვაწერე და ამის შემდგომ ჩამიყვანეს კაპეზეზე. კაპაეზეზე ჩემი ცემა არ გაგრძელებულა, პირიქით კაპეზეს თანამშრომლები გამოირჩნენ კეთილგანწყობით", - წერს იგი.

სხვიტარიძე იხსენებს, რომ იგი მოინახულა როგორც სახალხო დამცველმა, ისე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა, რომელმაც მისივე თქმით, მას ჩვენების მოყოლაც კი არ დაასრულებინა.

"როდესაც დავიწყე მოყოლა ჩემი ამბის, შემაწყვეტინა და მეკითხება შენი ამბავი აქციებს უკავშირდება თუ არაო ? მე ვუთხარი, რომ ბრალს აქციაზე მომხდარში მდებდნენ. დაიბნა, მე ისევ გავაგრძელე მოყოლა ისევ, გამაჩერა და მეუბნება, მოდი შენც, რომ დალაგდები შენს ადვოკატთან ერთად გავიაროთ, ეს ამბავი იურიდიულად გამართული რომ იყოსო და წავიდა".

საბა სხვიტარიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

6 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აქტივისტი პატიმრობაში დატოვა.

სრულად წაკითხვა