“მიუღებელია” – პროფკავშირების გაერთიანება რუსულ კანონზე

1 week ago 12

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება რუსულ კანონთან მიმართებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მიუღებელია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უცხოური დონორებისგან დაფინანსებული ორგანიზაციები უცხოური ძალის გამტარებად ითვლებიან.

“პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ათასობით ადამიანი აღვადგინეთ პოზიციებზე. მოგეხსენებათ, კვალიფიციური ადვოკატების დაქირავება დიდი ფუფუნებაა, ხოლო ჩვენს მოქალაქეებს ერთი თეთრიც არ გადაუხდიათ ამ პროცესში. კიდევ უფრო მეტს მივაწოდეთ ინფორმაცია მათი შრომითი უფლებების, ქალთა უფლებების, სხვა სოციალური თუ ეკონომიკური უფლებების შესახებ.

სწორედ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდა ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში ყველა ეტაპზე, შეიქმნა შრომის კანონმდებლობის აღმასრულებელი ინსტიტუცია შრომის ინსპექციის სამსახურის სახით. ეს მაშინ, როდესაც ადამიანები სამუშაო ადგილებზე მასიურად იღუპებოდნენ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, რაზეც სტატისტიკა ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს.

შემუშავდა საპენსიო კანონმდებლობის ალტერნატიული ვერსია, საიდანაც მოქმედ კანონში პენსიის შესახებ გათვალისწინებულ იქნა პენსიონერებისთვის უმნიშვნელოვანესი რამდენიმე კომპონენტი.

პროფკავშირებისთვის უცხოური დონორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივების შესამუშავებლად, ცნობიერების ამაღლების კამპანიის საწარმოებლად. ეს პროცესი დღესაც უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. თითოეული ეს ქმედება კი ემსახურება მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ინტერესს”, – წერია პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაში.

პროფკავშირებში ამბობენ, რომ მათი ყველა ჩამოთვლილი და სხვა საქმიანობის მიზანი და ამოსავალი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, რომელთა ურყევი ნება ევროინტეგრაციაა, განმტკიცებული საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით.


პარლამენტის 83-მა დეპუტატმა 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი, რომელიც გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო ფონდებს, მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

ორი კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

ამავე თემაზე:

ნაირა გელაშვილი: ამ კანონით მოქალაქეთა უზარმაზარი მასა გამოცხადებულია სამშობლოს მოღალატედ

სრულად წაკითხვა