მიხეილ ყაველაშვილი სომხეთში ვაჰაგნ ხაჩატურიანს და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

6 hours ago 4

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან.

ერთობლივ ბრიფინგზე სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველო-სომხეთის “ძალიან მრავალშრიან ურთიერთობაზე” გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი თქმით, “დამყარებულია სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე, ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ორი ქვეყნის, მოძმე ერების ქრისტიანულ ღირებულებებსა და მომავლის ხედვაზე”

მისივე თქმით, შეთანხმებულია და ხელმოსაწერად მზადაა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი და სომხეთი აფასებს “საქართველოს მხარდაჭერას ამ საკითხში” .

თავის მხრივ, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ “მსოფლიოში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას”. სომხეთის პრეზიდენტს დაუდასტურა “საქართველოს უპირობო მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”.

 მიხეილ ყაველაშვილი და ვაჰაგნ ხაჩატურიანი

მარცხნიდან: მიხეილ ყაველაშვილი და ვაჰაგნ ხაჩატურიანი

“დღეს, პირისპირ შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მიმოვიხილეთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაა. ჩვენ ერთგული ვართ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციის და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ჩართულობის ამოცანებს“, - თქვა ყაველაშვილმა და გამოთქვა იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერენ.

“გვჯერა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი, რომელიც საჭიროებს შემდგომ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ერთად შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო, სტაბილური და განვითარებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას, რითაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა სამხრეთ კავკასიის პოზიტიური განვითარების დინამიკა და რეგიონის მიმზიდველობა.”

მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა ასევე თბილისში 17 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე და თქვა, რომ "საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესს. ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ რეგიონული თანამშრომლობა უკლებლივ ყველა მიმართულებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამართლიანი და მშვიდობიანი მრავალპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგის ფორმირებაში”.- თქვა ყაველაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

ერევანში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსაც შეხდა, ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებებზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

„მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო გამოხატავს მზაობას, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ დიალოგსა და თანამშრომლობას“.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესთან.

ერევანში მიხეილ ყაველაშვილის დელეგაციაში არიან:

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე;
  • საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია;
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი;
  • დეპუტატები სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი;
  • ასევე, ლუკა ეხვაია, ყაველაშვილის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.
სრულად წაკითხვა