WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ინფორმაციით, ჩინეთის ლიდერმა სი ძინ პინმა 31 აგვისტოს, ყირგიზეთის დედაქალაქში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (SCO) სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი და ვლადიმირ პუტინის „სტრატეგიული მეგზურობითა და ორივე მხარის ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება, მათი პროგრესი კიდევ უფრო მდგრადი იქნება და მომავალი უფრო ნათელი, ვიდრე ოდესმე ყოფილა“.

სააგენტოს ცნობით, სი ძინ პინმა ბიშკეკში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „საერთაშორისო ლანდშაფტში საგრძნობია გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი ფაქტორების რიცხვის ზრდა, ღრმა ცვლილებების ისეთი აჩქარების ფონზე, ბოლო საუკუნის განმავლობაში რომ არ ყოფილა. თუმცა, ადამიანების სწრაფვა მშვიდობის, განვითარების, თანამშრომლობისა და ურთიერთმომგებიანი შედეგებისკენ, უცვლელია“.

რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს უთხრა, რომ ჩინეთისა და რუსეთის ინიციატივით „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ შექმნიდან 25 წლის გარდა 2026 წელს აღინიშნა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებიდან 25 წელი და რომ ამ შეთანხმების ხელმომწერ „ამხანაგ ძიან ძემინს 17 აგვისტოს 100 წელი შეუსრულდებოდა. გვახსოვს მის მიერ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებში შეტანილი წვლილი“.

ბიშკეკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა რუსეთისა და ინდოეთის ლიდერების შეხვედრაც, რომლის ტრანსკრიპტიც კრემლის საიტზე გამოქვეყნდა. ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ ვლადიმირ პუტინს მიმართა - "თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ რეგულარულად განვიხილავთ უკრაინის საკითხს":

"მოგეხსენებათ, რომ ინდოეთი მხარს უჭერს ყველა სამშვიდობო ძალისხმევას ამ მიმართულებით და მომავალშიც მხარს დაუჭერს. ომის მიმდინარეობის ყოველი დღე კაცობრიობას უკან ხევს, მშვიდობისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი კი მთელ კაცობრიობას აძლევს მშვიდობის რეალურ იმედს. დროა, უსასრულო ომიდან ომის ბოლოსკენ და საომარი მოქმედებების დასრულებისკენ წავიდეთ".

31 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ყირგიზეთის დედაქალაქში იმართება "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტი, რომელსაც წევრი ქვეყნების გარდა, პარტნიორი, დამკვირვებელი და სტუმარი ქვეყნების ლიდერებიც ესწრებიან. მათ შორის: თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ეგვიპტის, ვიეტნამის ლიდერები.