ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, ლილი გელაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველმა გადაამოწმოს, სიმართლეა თუ არა, რომ ექსპრემიერს შვილებთან ჩანიშნული პაემანი გაუუქმეს.
ადვოკატი სახალხო დამცველს მოუწოდებს, რომ ციხეში ირაკლი ღარიბაშვილთან შევიდნენ.
„26 აგვისტოს ჩანიშნული იყო ხანგრძლივი პაემანი, მას უნდა ენახა თავისი მცირეწლოვანი შვილები, კონკრეტულად ეს იყო მიზანი იმიტომ, რომ სამი თვეა არ უნახავს და ეს პაემანი გაუუქმეს. მისთვის ცნობილი გახდა, რომ პაემანი აღარ შედგებოდა. ჩანიშნული პაემნის გაუქმება როგორ არის სიცრუე. ეს არ არის რთული გადასამოწმებელი.
თქვენი ეთერის საშუალებითაც მოვუწოდებ სახალხო დამცველს, თვითონ, ან მისი წარმომადგენელი შევიდნენ ისევ იმიტომ, რომ ეს მართლაც აუცილებელია, როდესაც მცირეწლოვან შვილებს სამი თვის განმავლობაში არ გაჩვენებენ და გიუქმებენ პაემანს. ეს რა თქმა უნდა, მისი უფლებები დარღვევაა და გადაამოწმოს სახალხო დამცველმა სიმართლეს ვამბობთ ჩვენ თუ პენიტენციური სამსახური“, – განაცხადა ლილი გელაშვილმა „ტვ პირველთან“.
ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, ნათია თამაზაშვილი, რომელიც ასევე მისი ცოლის დაა, აცხადებს, რომ ექსპრემიერს შვილებთან გრძელვადიანი პაემანი ჰქონდა ჩანიშნული.
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დახურული ტიპის დაწესებულებაში იხდის სასჯელს, წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება აქვს, ასევე მას შეუძლია თვეში ორი ხანმოკლე პაემნის უფლებით ისარგებლოს. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ღარიბაშვილს როგორც წლიური, ისე ყოველთვიური პაემნები ამ დროისთვის გამოყენებული აქვს.
თუმცა ღარიბაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ კანონი მას მესამე გრძელვადიანი პაემნის შესაძლებლობასაც აძლევდა.
ამასთან, ნათია თამაზაშვილის განცხადებით, ხვალ, პირველ სექტემბერს, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია გავრცელდება.
netgazeti