მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს გაფრთხილებები – აშშ

1 week ago 9

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში რუსულ კანონთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთეს და საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, რომ პარტნიორების გაფრთხილებებს მოუსმინოს.

ამასთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა დღეს, 17 აპრილს, ბრიფინგზე გააკეთა.

სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ კანონპროექტი უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ, რომ ამ კანონპროექტმა ამოქმედების შემთხვევაში, შეიძლება სტიგმატიზაცია მოახდინოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე. მას ასევე შეუძლია საქართველოში მოქმედი მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაცია, რომლებიც ინფორმაციას აწვდიან საქართველოს მოქალაქეებს.

ჩვენ გვჯერა, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტიკა და მედია ორგანიზაციები ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს გაფრთხილებები, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ბუნებრივია, ეს უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე“, – განაცხადა პატელმა.


დღეს, 17 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

რუსული კანონის მიღებას აკრიტიკებენ საქართველოს პარტნიორებიც, მათ შორის არაერთხელ გააკრიტიკეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონი უკან გაიწვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ ეს თბილისს დააშორებს ევროკავშირისგან.

სრულად წაკითხვა