მოლდოვის პრემიერმინისტრმა დორინ რეჩანმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის

1 day ago 2

13 ოქტომბერს მოლდოვის პრემიერმინისტრმა დორინ რეჩანმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის „პირადი მიზეზებით“, რომ ის არ ჩაუდგება სათავეში მომავალ მთავრობას და აღარც პარლამენტის წევრად დარჩება.

რეჩანის ეს განცხადება დაემთხვა მისი პარტიის ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მზადებას, 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

„მე არ ვაპირებდი პოლიტიკაში არც ყოფნას და არც დარჩენას“, - დორინ რეჩანმა ეს განცხადება გააკეთა მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ (PAS) ლიდერ იგორ გროსუსთან ერთად პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

რეჩანის განმარტებით, მისი პრემიერმინისტრობის მანდატი ამოიწურება მთავრობის მანდატის ამოწურვასთან ერთად და ახალი კაბინეტის ფორმირების შემდეგ, ის დატოვებს სადეპუტატო მანდატსაც, რომელიც მას 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ერგო.

მოლდოვის მოქმედ პრემიერმინისტრს არ დაუზუსტებია, რა „პირადი მიზეზებით“ ტოვებს პოლიტიკას, თუმცა აღნიშნა, რომ ის მთავრობას ხელმძღვანელობდა „მკაფიო მანდატით“ - უნდა „უზრუნველეყო უსაფრთხოება და კონსტიტუციური წესრიგი“.

დორინ რეჩანი მოლდოვის პრემიერმინისტრია 2023 წლის თებერვლიდან, როცა პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულ ხელისუფლებას პრორუსული ოპოზიცია საპროტესტო აქციებით უპირისპირდებოდა.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში, პრეზიდენტმა მაია სანდუმ მადლობა გადაუხადა რეჩანს „რთულ წლებში მის გვერდით დგომაზე დათანხმებისთვის“, აგრეთვე აღნიშნა, რომ ის იყო „ყველაზე შესაფერისი ადამიანი მთავრობის მეთაურობისთვის და სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძღოლად, რომ ჩვენ მრავალი კრიზისის ღირსეულად გავლა შეგვძლებოდა“.

რეჩანს, რომელიც PAS-ის სიაში მეორე იყო, არჩევნებამდე არ უთქვამს, რომ გადადგომას აპირებდა. თუმცა სპეკულაციები მისი წასვლის შესახებ 2024 წლის შემოდგომაზეც მიმდინარეობდა, საპრეზიდენტო არჩევნებისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმის კამპანიის დროს.

13 ოქტომბრის ერთობლივ პრესკონფერენციაზე იგორ გროსუმ განაცხადა, რომ მმართველი პარტია ისურვებდა რეჩანის პრემიერმინისტრობის გაგრძელებას. გროსუს არ დაუსახელებია მომავალი მთავრობის ლიდერის კანდიდატურა.

შეკითხვაზე - მისაღები იქნება თუ არა კოალიციური მთავრობის ვერსია, გროსუმ უპასუხა, რომ მას სურს მომავალი მინისტრთა კაბინეტი მხარდაჭერილი იყოს „პროევროპული საპარლამენტო უმრავლესობით“, რაც გულისხმობს PAS-ის ფრაქციას.

28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში, PAS-მა მიიღო 55-მანდატიანი ახალი უმრავლესობა. საკონსტიტუციო სასამართლო 16 ოქტომბერს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოთხოვნას არჩევნების შედეგებისა და არჩეული დეპუტატების მანდატების დადასტურებაზე.

51 წლის დორინ რეჩანი პროფესიით ეკონომისტია. 2010-2012 წლებში ის იყო ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიის მინისტრის მოადგილე იყო, 2012-2015 წლებში - შინაგან საქმეთა მინისტრი ვლად ფილატისა და იური ლეანჰკეს მთავრობებში, როცა მან განახორციელა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა და მუშაობდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესზე.

ის მთავრობაში ბიზნესიდან მივიდა და მისი მინისტრობა დაემთხვა ვლად ფილატსა და ოლიგარქ ვლადიმირ პლაჰოტნიუკს შორის დაძაბულობის პერიოდს. იმ დროს რეჩანი ჩართული იყო არაერთ სენსიტიურ ეპიზოდში.

საჯარო სამსახურიდან პაუზის აღების შემდეგ, ის 2022 წელს პრეზიდენტ მაია სანდუს უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად და უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნად დაბრუნდა, 2023 წლის თებერვალში კი პრემიერმინისტრად დაინიშნა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ წარმოქმნილი არაერთი კრიზისის ფონზე, პრეზიდენტმა მაია სანდუმ გადაწყვიტა პრემიერმინისტრი ნატალია გავრილიტა დორინ რეჩანით შეეცვალა, რადგან მისი აზრით, რეჩანი უკეთესად გაუმკლავდებოდა გამოწვევებს.

სრულად წაკითხვა