მომავალ კვირას მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის-ზელენსკი

1 month ago 11

ბრიუსელში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა თავის მიმართვაში ევროპელი ლიდერებისადმი ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ომის პირველი დღეებიდანვე ესწრაფვის მშვიდობას და " რუსეთია ერთადერთი მიზეზი", რის გამოც ომი გრძელდება.

ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს გააცნო თავის ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს სავარაუდო ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთთან, რომელსაც იგი მომდევნო კვირაში აშშ-ის წარმომადგენლებსაც გაუზიარებს. "პირველ ყოვლისა, ეს ითვალისწინებს ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტას რაკეტების, ბომბების და შორეული მოქმედების უპილოტო მფრინავი აპარატების გამოყენებით, და მეორეა - ცეცხლის შეწყვეტა წყალზე, რაც ნიშნავს შავ ზღვაში ყოველგვარი სამხედრო ოპერაციების შეჩერებას", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ისა და უკრაინის ჯგუფებმა განაახლეს მუშაობა და იმედი აქვს, რომ მომდევნო კვირაში გაიმართება, "მნიშვნელოვანი შეხვედრა".

ვოლოდიმირ ზელენსკის არ დაუზუსტებია, თუ სად და რა შემადგენლობით გაიმართება ეს შეხვედრა, მაგრამ როგორც "უკრაინსკა პრავდა" წერს ამერიკულ ტელეკომპანია "Fox News"-ის ჟურნალისტზე დაყრდნობით, მომდევნო კვირაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საუდის არაბეთში შეხვდებიან უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლებს. უკრაინის მხრიდან, კერძოდ, ეს იქნება პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი.

აშშ-ის მხრიდან კი ელ-რიადში მიემგზავრებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.

ამ შეხვედრის დღის წესრიგი უცნობია. მანამდე თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა Fox News-ს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების განახლებას, თუ მოხდება სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზება და მიღებულ იქნება ნდობის აღდგენის ზომები.

მანამდე Financial Times-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლა, რამაც შეიძლება სერიოზულად შეაფერხოს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობა, დაარტყას რუსეთის სამიზნეებს.

სრულად წაკითხვა