მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებულ მამასა და ორ შვილს: შალვა ქველაძეს, რეზო ქველაძესა და ბაჩო ქველაძე
ქველაძეების ადვოკატმა მარიამ ყველაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოჯახი მრავალშვილიანია, აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, ამ გარემოებების გათვალისწინებით შემოიფარგლა სასამართლო მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით.
მამა-შვილი ქველაძეები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც 24 ივლისს დილით პოლიციამ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დილის 11 საათისთვის დააკავა.
„მეც იქ ვიყავი და ვადევნებდი თვალს რა ხდებოდა, მათ უნდოდათ შესულიყვნენ და ნივთები თავად გამოეტანათ,
ნივთები გამოჰქონდა აღსრულების მანქანას და ყველას ერთად აწყობდა. ქველაძეებმა პრეტენზია გამოთქვეს, დაინტერესდნენ სად მიჰქონდათ ეს ნივთები, ვისი რა იყო, რომ ვერ გაიგებდნენ და აირეოდა. პოლიცია არ აძლევდა უფლებას თავად შესულიყვნენ და ამას მოჰყვა არეულობა", - ამბობს ადვოკატი.
შსს-ს ადვოკატებს მოწმეები ჰყავდათ მოყვანილი: დამკავებელი პოლიციელები და მოტანილი ჰქონდათ დაკავების ამსახველი ვიდეომასალაც, მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ, ამიტომ მოსამართლე ჩაგუნავამ მოწმეები არ დაკითხა და პირდაპირ გადაწყვეტილება გამოაცხადა. შსს არ ითხოვდა პატიმრობას - სასჯელის განსაზღვრა მათ სასამართლოს მიანდეს.
მარიამ ყველაშვილის განმარტებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 17 ადამიანიდან, 8 ადგილობრივია. მათგან სამის პროცესი უკვე ჩატარდა. ერთი ქალი გუშინ, 25 ივლისს ხელწერილით გაათავისუფლეს. ამ ფორმით გამოუშვებენ იზოლატორიდან დღეს კიდევ ორ ადამიანს. მათი პროცესები მოგვიანებით ჩაინიშნება. მერვე დაკავებულის ლადო ცხაკაიას პროცესი კი დღეს გაიმართება. ზუსტი დრო უცნობია.
პოლიციამ თბილისის გარეუბანში, „აფრიკის“ დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი შენობიდან ათობით ოჯახის გამოსახლების დროს 17 ადამიანი დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ყველა მათგანს ედავებიან პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას.
დღეს, 26 ივლისს უნდა გაიმართოს დაკავებული აქტივისტების პროცესებიც. ისინი იზოლატორებიდან სასამართლოში უკვე გადაიყვანეს. ადვოკატები საქალაქო სასამართლოში არიან და ელოდებიან, როდის და რომელ მოსამართლეს დაეწერება საქმეები.
პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის სამართალდამცავს შეუძლია მოქალაქის ადგილზე დაკავება - სასამართლოს კი შეუძლია მას დააკისროს 2000 ლარიდან 5000 ლარამდე ჯარიმა ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა.
აღსრულების პოლიციამ აფრიკის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება 24 ივლისს დილით დაიწყო პოლიციის დახმარებით. ამას მოსახლეობის წინააღმდეგობა მოჰყვა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ შენობაში მუდმივად ცხოვრობდა 39 ოჯახი, თუმცა იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა საცხოვრებელი ფართი ჰქონდათ შემოკავებული.
„აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით, მუშაობის პროცესში მიმდინარეობდა მაცხოვრებელთა ფსიქოემოციური მხარდაჭერა და პროცესისათვის მომზადება. დეტალურად იქნა ახსნილი, თუ რას მოიცავს გამოსახლების პროცესი და რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობას“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ოჯახებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან „მიიღეს შეთავაზებები“. გარდა ამისა, იმ ოჯახებს, რომლებსაც არ ჰქონდათ მსგავსი სტატუსი, „კრედიტორმა შესთავაზა ერთჯერადი კომპენსაცია ან ბინის ქირით უზრუნველყოფა, რასაც მობინადრეთა უმეტესი ნაწილი დღეს დაეთანხმა“.