მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ კობახიძე იუსტიციის საბჭოს წევრებს და უზენაესის მოსამართლეებს შეხვდა

6 days ago 6

დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის, ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძისთვის სანქციების დაწესებისშემდეგ ქართული ოცნების მთავრობის ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან. შეხვედრის შემდეგ კობახიძემ თქვა, რომ საუბარი შეეხებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობას და ამ საკითხის დაცვაში, "ხელისუფლება იქნება მაქსიმალურად პრინციპული." კობახიძე შეეხო სანქციების თემასაც და თქვა, რომ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება ტრაგიკულია არა მათთვის, არამედ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სანქციებს აწესებენ.

"ეს ყველაფერი არის ტრაგიკული იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ სანქციებს. ჯონ ლოკის ქვეყანაში, ინგლისში, დიდ ბრიტანეთში, აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენაა ე.წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე ისეთი სანქციების დაწესება, რომლებიც თავისი არსით უთანაბრდება სისხლის სამართლებრივ აქციებს. წარმოუდგენელი რამ იქნებოდა ასეთი რამ, დაახლოებით, 10-20 წლის წინ, მით უმეტეს, გასულ საუკუნეში კიდევ უფრო მეტად. რა თქმა უნდა, ასეთ მოვლენებს ჩვენ დავუპირისპირდებით იმით, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცებთ სასამართლოს დამოუკიდებლობას. ამას ალტერნატივა არ აქვს. სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და, შესაბამისად, აქ ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები,“ - თქვა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი კობახიძე პირველი პრემიერი არ არის, რომელიც სასამართლოს გავლენიან წევრებს ხვდება მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების შემდეგ. ასევე მოიქცა 2023 წლის აპრილში ირაკლი კობახიძე, როცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამანტმა დაასანქცირა ქართველი მოსამართლეები. მაშინ, უზენაეს სასამართლოში გამართული შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა ბრიფინგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ნინო ქადაგიძსთან ერთად გამართა;

"ჩვენ, როგორც მთავრობა და მე, როგორც პრემიერ-მინისტრი ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერო თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი თავისუფლება. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ თქვენს ინიციატივებს, ახალ პროგრამებს. დღეს სასამართლო რომ გვაქვს თავისუფალი კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან, ზეწოლისგან, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის, ნინო ქადაგიძისა და მოსამართლეების დამსახურება“- თქვა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიდმა ბრიტანეთმაც და შეერთებულმა შტატებმაც ქართველი მოსამართლეები მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო დაასანქცირა.

სრულად წაკითხვა