რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის, ანდრეი ნიკიტინი განცხადებით, სოხუმის აეროპორტის მგზავრთნაკადი 2026 წელს სამჯერ გაიზარდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს აეროპორტის დათვალიერების შემდეგ განუცხადა, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრთან, თეიმურაზ მიქვაბია ერთად მოინახულა.
ნიკიტინის თქმით, აეროპორტის აღდგენის გადაწყვეტილებამ სრულად გაამართლა.
„ვხედავთ, რომ სოხუმის აეროპორტის მგზავრთნაკადი სამჯერ გაიზარდა. სასიამოვნოა, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობის იდეა აეროპორტის აღდგენის შესახებ სრულად გამართლდა. დღეს ასევე ვისაუბრებთ მის შემდგომ განვითარებაზე. ინვესტორს შესაბამისი გეგმები აქვს და ჩვენ, ჩვენი მხრივ, მათ ყველანაირად დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა.
თეიმურაზ მიქვაბიას განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, იმ ქალაქების რაოდენობა, რომლებთანაც სოხუმს საჰაერო კავშირი აქვს, სამჯერ გაიზარდა და 13-ს მიაღწია.
მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და რუსეთი, ტრანსპორტის სამინისტროსა და „როსავიაციის“ მეშვეობით, აფხაზურ მხარეს აქტიურ მხარდაჭერას უწევს.
ანდრეი ნიკიტინის თქმით, სოხუმის აეროპორტის ამოქმედების საწყის ეტაპზე რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელთა ნაწილი პროექტის წარმატებაში ეჭვობდა, თუმცა, მისი შეფასებით, მგზავრთნაკადის ზრდა აჩვენებს, რომ „ადამიანები რუბლით აძლევენ ხმას აფხაზეთში დასვენებას“.
მისივე განცხადებით, მომავალში გაიზრდება იმ რუსეთის ქალაქების რაოდენობაც, რომლებიც სოხუმთან საჰაერო მიმოსვლით იქნება დაკავშირებული.
სოხუმის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელიც 32 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, მუშაობა მოსკოვის ჩართულობით 2025 წლის 1 მაისს განაახლა. მისი ამოქმედება საქართველოს ხელისუფლების მიერ უკანონოდ არის შეფასებული, რადგან აეროპორტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის წესების გვერდის ავლით ფუნქციონირებს.

3 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·