მოსკოვისთვის „თალიბანი“ ტერორისტული ორგანიზაცია აღარ არის

22 hours ago 7

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 2025 წლის 17 აპრილს ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო ისლამისტური დაჯგუფება "თალიბანი", რომელმაც რამდენიმე წლის წინ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება ავღანეთში.

2025 წლის 31 მარტს სასამართლოს შესაბამისი განცხადებით მიმართა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ, თუმცა "თალიბანის" ხელმძღვანელობას მანამე შეხვდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც თალიბებს მოსკოვშიც უმასპინძლეს.

იმისთვის, რომ "თალიბანი" ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოეღოთ, რუსეთის ხელისუფლებამ 2024 წლის სექტემბერში ცვლილებები შეიტანა ფედერალურ კანონმდებლობაში, მათ შორის, "ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ" კანონში.

როგორ აისახება მოსკოვის ეს გადაწყვეტილება ავღანეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე?

ამ საკითხზე რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილი The CurrentTimes-ის რედაქცია ესაუბრა ავღანელ პოლიტიკურ მიმომხილველ ფაჰიმ კუჰდომანის, რომლის აზრითაც, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს შეიარაღებულ კონფლიქტებს: ტერორისტული დაჯგუფებები მიიღებენ მკაფიო სიგნალს, რომ თუ მოახერხებენ საკუთარ ქვეყანაში ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, მათ "ლეგიტიმურადაც" აღიარებენ და წარსულში ჩადენილ დანაშაულებსაც მიუტევებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი „თალიბანს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებდა, კრემლს ყოველთვის ჰქონდა მასთან ფარული კონტაქტები: რუსეთის სპეცსამსახურებს არასოდეს შეუწყვეტიათ კავშირები თალიბების ამა თუ იმ მეთაურებთან“, – განმარტავს ფაჰიმ კუჰდომანი, - „ჩემი აზრით, საბოლოო გადაწყვეტილება „თალიბანის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღების შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც ვაშინგტონმა გააუქმა დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის, სირაჯუდდინ ჰაქანის დაკავებისთვის გამოცხადებული ჯილდო. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დიდი ქვეყნები არაოფიციალურად ერთმანეთს ეჯიბრებიან ამ ტერორისტული ორგანიზაციის აღიარებაში“.

თალიბანი რუსეთში აიკრძალა 2003 წლიდან. გამოცემა „ვერსტკას" გამოთვლებით, 2016-დან 2025 წლამდე რუსეთში, "თალიბანის" მოძრაობასთან დაკავშირებულ საქმეებზე, სულ მცირე, 37 ადამიანი იქნა მიცემული სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში. 20 ადამიანი დაჯარიმდა ან დააპატიმრეს, 9 ადამიანი გახდა სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი: მიესაჯათ 12,5 წლამდე პატიმრობა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. 2021 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში „თალიბებმა“ ავღანეთის მთელი ტერიტორია დაიკავეს, უბრძოლველად აიღეს დედაქალაქი ქაბული. დასავლეთის ქვეყნები არ აღიარებენ "თალიბანს" ავღანეთის კანონიერ მთავრობად. 2024 წლის დეკემბერში რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ორგანიზაციების ამოღების უფლებას იძლევა. კანონპროექტი ინიციირებული იყო შვიდი სენატორისა და ხუთი დეპუტატის მიერ.

ფაჰიმ კუჰდომანის თქმით, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ექნება შედეგები, რადგან, პირველ რიგში, ასეთი გადაწყვეტილება წაახალისებს რეგიონის სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც უფრო აქტიურად შეეცდებიან როგორც ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, ასევე ბრძოლას ლეგიტიმური მმართველობის წინააღმდეგ:

„რუსეთი ამ გადაწყვეტილებით ყველა ტერორისტს უგზავნის გზავნილს: თუ თქვენ მოახერხებთ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დანაშაული ჩაგიდენიათ ან რა მასშტაბის ეთნიკური წმენდები ჩაგიტარებიათ — ეს ყველაფერი შეგრჩებათ“.

თუმცა როგორც ავღანელი ექსპერტი შენიშნავს, მოსკოვი რატომღაც არ ითვალისწინებს ერთ მნიშვნელოვან დეტალს, რომ რუსეთს ცენტრალურ აზიაში ჰყავს მეგობარი ქვეყნები და, რომ ამ ქვეყნების მტრები დიდწილად სწორედ ავღანეთში არიან ბაზირებული.

„რუსეთის მიერ თალიბანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მათაც (რუსეთის მეგობარი ქვეყნების მტრებს) უბიძგებს მოქმედებისკენ. დამიჯერეთ, ისინი აუცილებლად შეეცდებიან თალიბანის წარმატების გამეორებას", – პროგნოზირებს ავღანელი პოლიტოლოგი.

ფაჰიმ კუჰდომანის აზრით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფაქტობრივად აღიარა თალიბანის ხელისუფლება ავღანეთში, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან „თალიბანს“ ტერორისტულ ორგანიზაციად მხოლოდ ტაჯიკეთი მიიჩნევს. ექსპერტის შეფასებით, „თალიბანთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას რუსეთი ტაჯიკეთთან არ ათანხმებს, და ეს მიუხედავად იმისა, რომ ტაჯიკეთი მოსკოვის სტრატეგიული პარტნიორია. მოსკოვის ამგვარი ქცევა დუშანბეს არასახარბიელო მდგომარეობაში აგდებს: სავარაუდოა, რომ ტაჯიკეთი კვლავაც მოექცევა თალიბანის წნეხის ქვეშ.

"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში იგეგმება „თალიბანის“ დელეგაციის ვიზიტი დუშანბეში: „თალიბები“ აპირებენ ტაჯიკეთის ხელისუფლებასთან განიხილონ როგორც ავღანეთის საელჩოს მათთვის გადაცემის საკითხი, ასევე ელექტროენერგიასთან დაკავშირებული კონტრაქტები“, – ამბობს ფაჰიმ კუჰდომანი, - „ეჭვი არ მეპარება, რომ თალიბები ტაჯიკეთის ხელისუფლებას დაჰპირდებიან გარკვეული ზომების მიღებას ტერორისტულ დაჯგუფება „ანსორულლაჰის“ წინააღმდეგ. ეს ორგანიზაცია მთლიანად ტაჯიკეთის რადიკალი მოქალაქეებისგან შედგება და პირდაპირ ემუქრება ტაჯიკეთის მოქმედ ხელისუფლებას".

ავღანელი ექსპერტის თქმით, თალიბებს არაერთხელ დაუდიათ პირობა, რომ ავღანეთის ტერიტორიიდან ტაჯიკეთის მიმართულებით არანაირი შეიარაღებული თავდასხმა არ მოხდებოდა, თუმცა ყველამ იცის, რა ხდებოდა სინამდვილეში.

„ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ასობით და შესაძლოა ათასობით მებრძოლი, რომლებიც წარმოშობით ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან არიან და ამჟამად სირიაში იმყოფებიან და, რომლებმაც, მოქმედ რეჟიმთან ერთად, სერიოზულ წარმატებებს მიაღწიეს - დაიკავეს სხვადასხვა თანამდებობა და აქვთ დიდი სამხედრო გამოცდილება, აგრეთვე ტექნიკური და ფინანსური რესურსი“, – ამბობს ფაჰიმ კუჰდომანი, - „ამ მებრძოლებს არ დავიწყებიათ საჯაროდ დეკლარირებული მიზნები – თავიანთი ქვეყნების „გათავისუფლება“ მოქმედი მთავრობებისგან“.

„დიახ, თალიბები დღეს ირწმუნებიან, რომ მათი ტერიტორიიდან ცენტრალური აზიის ქვეყნებს საფრთხე არ შეექმნებათ. თუმცა მსგავსი დაპირებები გაჟღერებულა პაკისტანის მისამართითაც. მაგრამ რას ვხედავთ ახლა? არცერთი ტერორისტული ორგანიზაცია არ ყოფილა ერთგული გაფორმებული შეთანხმებებისა. ეს ეხება თალიბანსაც“, – ამბობს ავღანელი პოლიტოლოგი, ფაჰიმ კუჰდომანი.

სრულად წაკითხვა