მოსკოვში სასამართლომ აშშ-ის მოქალაქის ჯოზეფ ტატერის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებით ჰოსპიტალიზაცია გადაწყვიტა. კრმელთან დაახლოებული სააგენტოების თანახმად, ტატერს ბრალად დედაქალაქში, სასტუმრო "რედისონში" მომხდარი კონფლიქტის შემდეგ პოლიციელზე თავდასხმა ედება. უწყების ცნობით, გამოძიების დროს მოსკოველმა ექიმებმა დაადგინეს, რომ ამერიკელს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. ამერიკელის დაცვამ მის ჰოსპიტალიზაციას უკანონო და გაუმართლებელი უწოდა.
"საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელმა ვერ შეძლო ტატერასთვის აღკვეთის ღონისძიების გახანგრძლივება და ამიტომ გადაწყვიტა ბრალდებულის საზოგადოებისგან იზოლირება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებით", - განაცხადა ამერიკელის ადვოკატმა.
ტატერი 46 წლისაა. მისი დაკავების შესახებ გასული წლის აგვისტოში გახდა ცნობილი. რუსული სააგენტოების ცნობით, გამომძიებლების თქმით, ტატერი ცდილობდა სასტუმრო Radisson Blu Olimpyiskiy-ში შესვლას, მაგრამ უარი მიიღო, რადგან მას არ ჰქონდა სამიგრაციო ბარათი, ასევე აგრესიული ქცევის გამო.
"ტასსის" ინფორმაციით, ამერიკელი პოლიციამ სასტუმროში დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. იქ ტატერმა თითქოს უარი თქვა თავისი დოკუმენტების ჩვენებაზე და პოლიციელ ქალს ხელში ხელი ჩაავლო. სასამართლომ ტატერი საგამოძიებო იზოლატორში მოათავსეს. 2025 წლის მარტში ამერიკელი გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.