შსს-მ ქვემო ქართლში დააკავა პირი, რომელიც მოქალაქეებს საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელით უკავშირდებოდა, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და დიდი ოდენობით თანხას სთხოვდა. 

ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა მობილური ტელეფონი და ის სიმ-ბარათები ასმოიღეს, რითაც ბრალდებული მოქალაქეებს უკავშირდებოდა. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით მოქალაქეებს უკავშირდებოდა და მათ სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, 100 000 დოლარს სთხოვდა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ტ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონი და სიმ ბარათები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებული მოქალაქეებს თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდა,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.