„მოყვება რეაგირება“ — შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, ნუ გადაკეტავენ გზებს

1 week ago 8

შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს ახალგაზრდებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე ერთ კვირაზე მეტია თბილისში ყოველდღიურად მართავენ საპროტესტო აქციებსა და მსვლელობს.

შსს-ს თქმით, თუ გაგრძელდება ქუჩების გადაკეტვა და საავტომობილო მოძრაობის შეფერხება, გაატარებენ „კანონით გათვალისწინებულ ზომებს“. გარდა ამისა, უწყება აღნიშავს, რომ იდენტიფიცირებული ჰყავთ აქციის ორგანიზატორები რომელთა მიმართაც ასევე გაატარებენ „კანონით გათვალისწინებულ ზომებს.“

შსს-ს 24 აპრილის განცხადებაში აღნიშნულია:

„ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ.

გზის ხელოვნური გადაკეტვა იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, გარდა ამისა, ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელს უშლის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას.“

შსს ციტირებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.

„აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ასევე, იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. სამართალდამცველების მიერ მათ მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება,“ — აცხადებს შსს.


პარლამენტის 83-მა დეპუტატმა 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი, რომელიც გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო ფონდებს, მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მესამე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში

სრულად წაკითხვა