მტკვარში იპოვეს 44 დღის წინ გაუჩინარებული გოგოს ცხედარი

7 hours ago 3

14 მაისს, - მას შემდეგ, რაც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოავარიის შედეგად მანქანა მდინარეში გადავარდა, - მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს. ოჯახის ცნობით, იგი აღმოჩნდა 45 დღის წინ გაუჩინარებული აითაჯ მამედოვა.

ინფორმაცია თავდაპირველად მარნეულში დაფუძნებულმა მედიასაშუალებებმა, Marneulinews-მა და 24news-მა გაავრცელეს.

21 წლის აითაჯ მამედოვა პირველ აპრილს გაუჩინარდა და მას შემდეგ ეძებდნენ, მათ შორის მტკვარში.

ოჯახის ცნობით, ის მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად იყო წასული, რის შემდეგაც „მშვიდობის ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა. ბიძის თქმით, პოლიციამ ოჯახს განუცხადა, რომ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ვარდება გოგო მდინარეში.

მედია იუწყებოდა, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში აითაჯ მამედოვას ბიძა, ბიძაშვილი და ორი მეზობელი მტკვარში კუსტარულად მოწყობილი ტივით ეძებდნენ გოგოს ცხედარს.

14 მაისს გამთენიას მტკვარში ავტომობილი გადავარდა მას შემდეგ, რაც მარცხენა სანაპიროზე სხვა ავტომობილი დაეჯახა.

მანქანაში ოთხი მგზავრი იჯდა. ერთმა მანქანის ვარდნისას გადმოსვლა მოასწრო და მაშველების დახმარებით მდინარიდანაც ამოვიდა.

მათგან სამს მაშველები ამ დრომდე [15 მაისი, 02:00] ეძებენ მდინარეში.

შსს-ის თანახმად, სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე შეამცირეს.

სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ დაწყებული „ძებნა-შველის ღონისძიების“ ფარგლებში იპოვეს ქალის ცხედარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას მხოლოდ ის დაუდასტურეს, რომ 14 მაისს მტკვარში იპოვეს ქალის ცხედარი. სხვა დეტალები არ დაუზუსტებიათ [14 მაისის ინციდენტში კი ოთხივე მგზავრი კაცი იყო].

ადგილობრივ გამოცემა 24news-თან ნათესავი ამბობს, რომ აითაჯ მამედოვას დედას 14 მაისს პოლიციიდან დაურეკეს, აცნობეს, რომ მტკვარში ცხედარი იპოვეს, ამოცნობაზე დაბარების შემდეგ კი მან აითაჯ მამედოვა ამოიცნო.

სრულად წაკითხვა