მძევლების გათავისუფლება ხვალ დაიწყება - ტრამპი, მერცი და სხვები ღაზის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე აპირებენ ჩასვლას

2 days ago 2

ღაზის სექტორში ჯერ კიდევ დაკავებული ისრაელელი მძევლების გათავისუფლება 13 ოქტომბრის დილით არის დაგეგმილი, - ამის შესახებ AFP-მ ჰამასის მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით განაცხადა.

მან სააგენტოს ასევე უთხრა, რომ გადაცემის ზუსტი გეგმა ჯერ კიდევ დაუდგენელია. მოლაპარაკების პირობების თანახმად, მძევლების გათავისუფლების შემდეგ, ისრაელმა ციხეებიდან თითქმის 2000 პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს. ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) თქმით, პატიმრების ზუსტი სია ჯერ კიდევ მოლაპარაკების პროცესშია.

როგორც dpa ჰამასის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, ხვალ ორგანიზაცია არ იქნება წარმოდგენილი ეგვიპტეში დაგეგმილ ცერემონიაზე, სადაც ღაზის შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება.

ეგვიპტის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ შეხვედრა 13 ოქტომბერს, შუადღისას შარმ ელ-შეიხში გაიმართება. მასში 20-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის - სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ასევე - საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.

ტრამპი ასევე აპირებს ისრაელის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას. როგორც თეთრმა სახლმა განაცხადა, ასევე დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტსა და ისრაელელი მძევლების ნათესავებს შორის.

ღაზის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის გეგმის პირველი ფაზა ითვალისწინებს დარჩენილი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას პალესტინელი პატიმრების გამოშვების სანაცვლოდ, ასევე ისრაელის ჯარების პალესტინელთა ტერიტორიიდან გაყვანის დაწყებას.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს თქმით, ჰამასის ხელში მყოფი 20 მძევალი ცოცხალია, ხოლო 28 გარდაცვლილია.

ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთში ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.

ისრაელის ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 67 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და მან ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია.

სრულად წაკითხვა