საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს და რამდენიმე ევროპელ ლიდერს ესაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კალასის გარდა, სალომე ზურაბიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასა და ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩთან.
„საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ კოლეგებს გააცნო ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება, რაც არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. შეთავაზება გულისხმობს შეხვედრას ორ მთავარ საკითხზე შესათანხმებლად, რაც არის ახალი არჩევნების თარიღი და ეუთო ოდირის დასკვნის საფუძველზე არჩევნებისთვის ახალი პირობების განსაზღვრა“, — აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მას მიაწოდა ინფორმაცია არა მხოლოდ ეუთო/ოდირის ანგარიშში ხაზგასმულ სხვადასხვა ხარვეზებზე, არამედ მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლითაც საქართველო სულ უფრო მეტ თანხვედრაში მოდის რუსეთთან.
„ჩემს მხარდაჭერას ვთავაზობ პრეზიდენტს მის ძალისხმევაში ამ რთულ ვითარებაში, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის“, — წერს პაველი X-ზე.
საქართველოს პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს პოლონეთისა და ლატვიის პრეზიდენტებმა.
- „ახალი არჩევნები კრიზისიდან გამოსავალია“ — პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოზე
- „მხარს ვუჭერ ზურაბიშვილის შეთავაზებას დიალოგზე“ — ლატვიის პრეზიდენტი
პარალელურად, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი.
„საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის – ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია უნდა დაწესებულიყო. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რომ ამ მოქმედ პირებს ანგარიშვალდებულება დაეკისროთ ქართველი ხალხის შევიწროებისა და მათი უფლებებისა და სურვილების პატივისცემაზე უარის თქმის გამო”, – ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი.
„გაფართოებული, არსებითი სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებზე, მათ შორის ხელისუფლების კორუმპირებულ მარიონეტების ოსტატ ბიძინა ივანიშვილზე დიდი ხნის წინ უნდა დაწესებულიყო. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა ამ აქტორებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ ქართველი ხალხის ჩაგვრისა და მათ უფლებებისა და სურვილებზე უარის თქმის გამო“, — აცხადებს მაკკოლი.
საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
„საქართველოს არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიში ადასტურებს დანიის შეშფოთებას წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით, მათ შორის, ამომრჩეველთა ფართო ხასიათის მქონე დაშინებასა და ხმების ყიდვის შესახებ”, — განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.