"ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდა. უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2026 წლის 27 ოქტომბერს, მოსკოვის დროით დილის 4:00 საათზე. ცეცხლის შეწყვეტის გეოგრაფიული არეალი ხერსონის ოლქში გასცდა ოლეშკის, ხერსონის ოლქის ფარგლებში, ჰუმანიტარული კოლონების უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის", - დაწერა 27 ოქტომბერს აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა პლატფორმა X-ზე და აგრეთვე აღნიშნა, რომ აღნიშნული "დაადასტურა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვალერი ვასილიევიჩმა (გერასიმოვი - რ.თ.)". მელანია ტრამპი უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში მძიმე ჰუმანიტარული ვითარების ფონზე ცეცხლის შეწყვეტის ლოკალურად ამოქმედებაზე შეთანხმების მედიატორია.
სამშაბათს ცეცხლის შეწყვეტის პირობების "სრულად დაცულობა" დაადასტურა უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა. ის ცეცხლის შეწყვეტის დაწყების დროდ კიევისა და მოსკოვის დროებს უთითებს. ლუბინეცმა სოციალურ ქსელში დაწერა:
"27 ოქტომბრის 17:30 საათისთვის უკრაინა და რუსეთი იცავენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ჰუმანიტარულ მისიასთან დაკავშირებულ არეალებში.
ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდა დღეს კიევის დროით, 03:00 საათზე და მოსკოვის დროით, 04:00 საათზე. ის ძალაში იქნება 1-ლი ნოემბრის 22:59 საათამდე. ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა არც ერთი მხრიდან მომხდარა.
ჰუმანიტარულ მისიას ვახორციელებთ რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისარ იანა ლანტრატოვასთან ერთად, აშშ-ის პირველი ლედის შუამავლობითა და კოორდინაციით".
დმიტრო ლუბინეცი იმედს გამოთქვამს, რომ "ყველაფერი გაგრძელდება შეთანხმებული გეგმის მიხედვით და შესაძლებლობა მოგვეცემა დავეხმაროთ ოლეშკის მშვიდობიან მოსახლეობას, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან დახმარებას".
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია "პირველ არხს" განუცხადა, რომ "ყველაფერი იმ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელიც ამერიკელების, კერძოდ - მელანია ტრამპის წარმომადგენლების, შუამავლობით შეთანხმდა".
ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარების დაშვებასა და მოსახლეობის ევაკუაციის პირობების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა პინა პიჩერნომ.
უკრაინის ქალაქ ოლეშკის რუსეთი აკონტროლებს 2022 წლიდან. მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოსახლეობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა - დრონებით მიტანილი სისტემატიური იერიშების გამო. ოლეშკიში შექმნილი ვითარების გამო, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებამდე ათი დღის ადრე რომის პაპმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს მოუწოდა ოლეშკის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდების პირობების შექმნისკენ.
radiotavisupleba ახალი ამბები