მხედველობით დემენციის 12 წლით ადრე პროგნოზირება შეგვიძლია – კვლევა

1 week ago 13

ჩვენი თვალები ბევრს ამბობს ჩვენივე ტვინის სიჯანსაღის შესახებ… მეცნიერები დანამდვილებით გვეუბნებიან, რომ თვალთან დაკავშირებული პრობლემები კოგნიტიური დაქვეითების ადრეული ნიშნები შეიძლება იყოს. უახლესი კვლევის თანახმად კი, ე. წ. ვიზუალური მგრძნობელობის დაკარგვით დემენციის პროგნოზი დიაგნოზის დასმამდე 12 წლით ადრე შეგვიძლია, გავაკეთოთ.

კვლევა ნორფოლკის 8623 ჯანსაღ ადამიანს მოიცავდა, რომლებსაც მრავალი წლის მანძილზე აკვირდებოდნენ. კვლევის ბოლოს კი მათგან 537 მონაწილეს დემენცია განუვითარდა, რამაც მეცნიერებს საშუალება მისცა, ენახათ, რა ფაქტორები უსწრებდა წინ ამ დიაგნოზს. დასაწყისში მონაწილეებს ვიზუალური მგრძნობელობის ტესტი ჩაუტარეს – როცა მოძრავი წერტილები სამკუთხედს შეკრავდა და ისინი დაინახავდნენ, ღილაკისთვის უნდა დაეჭირათ ხელი. როგორც აღმოჩნდა, ადამიანები, რომლებსაც დემენცია მოგვიანებით განუვითარდათ, უფრო გვიან ამჩნევდნენ ამ სამკუთხედს.

მიღებული შედეგი კვლავ მოწმობს იმაზე, რომ ვიზუალური პრობლემები კოგნიტიური დაქვეითების ადრეული ინდიკატორი შეიძლება იყოს. თუნდაც იმიტომ, რომ ალცჰაიმერთან დაკავშირებულმა ამილოიდურმა დაფებმა შესაძლოა, უპირველესად, ტვინის იმ უბნებზე იმოქმედოს, რომლებიც მხედველობასა და მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. ამგვარად, მხედველობის ტესტებმა შესაძლოა დეფიციტი მანამდე აღმოაჩინოს, ვიდრე ამას მეხსიერების ტესტებით გავიგებთ.

როგორც აღმოჩნდა, მხედველობასთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე ასპექტი არსებობს, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადებაზე ზემოქმედებს, იქნება ეს ობიექტების კონტურების დანახვის უნარი, ანუ ე. წ. კონტრასტული მგრძნობელობა თუ გარკვეული ფერების გარჩევის უნარი, მაგალითად, ლურჯ-მწვანე სპექტრის დანახვა დემენციაზე საწყის ეტაპზე ზემოქმედებს. ამან კი შესაძლოა ადამიანთა ცხოვრებაზე ისე იქონიოს გავლენა, რომ მათ ვერც გააცნობიერონ.

ამასთან, დემენციის კიდევ ერთ ადრეულ ნიშნად თვალების მოძრაობის „ინჰიბიტორული კონტროლის“ დეფიციტს მიიჩნევენ, სადაც ყურადღების გამფანტავი სტიმული მარტივად იპყრობს თვალებს. როგორც აღმოჩნდა, ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანებს ამ გარე სტიმულის იგნორირებისკენ აქვთ მიდრეკილება, რაც თვალების მოძრაობის კონტროლის საკითხებში იჩენს თავს.

საინტერესოა ისიც, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომელთა თანახმადაც, დემენციის მქონე პირები ახალი ადამიანების სახეებს განსხვავებულად აღიქვამენ – თუ ჩვეულებრივ შემთხვევებში ადამიანები სახის სკანირებას თვალებიდან იწყებენ და შემდგომ ცხვირისა და ტუჩისკენ გადმოდიან, დემენციის მქონე პაციენტებში ასე არ ხდება. ხშირად უმიზნოდ ამოძრავებენ თვალებს გარემოს სკანირებისთვის, ეს ადამიანებზეც ვრცელდება, რის გამოც შესაძლოა მოგვიანებით ეს პირი ვეღარ იცნონ. ასე რომ, თუ ადამიანებს ვერ იხსენებთ, ეს შესაძლოა თვალების არაეფექტურ მოძრაობას უკავშირდებოდეს და არა უშუალოდ მეხსიერების დაქვეითებას.

ზოგიერთი კვლევა გვეუბნება, რომ თვალების მოძრაობას მეხსიერების გაუმჯობესება შეუძლია, რითაც მკვლევრები მათ მიერ მიღებულ შედეგებსაც ხსნიან – ადამიანებს, რომლებიც უფრო ხშირად უყურებენ ტელევიზორს და უფრო მეტსაც კითხულობენ, უკეთესი მეხსიერება და დემენციის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ. სხვა კვლევები კი გვთავაზობს, რომ თვალების მოძრაობები სწრაფად მარცხნიდან მარჯვნივ და პირიქით ავტობიოგრაფიულ მეხსიერებას აუმჯობესებს.

ასეა თუ ისე, ფაქტია, მხედველობასთან დაკავშირებული საკითხები დემენციის პროგნოზირებაში დაგვეხმარება, თუმცა მეცნიერები ზუსტი პასუხების მისაღებად ამ საკითხზე კვლევის გაგრძელებას აპირებენ…

marketer.ge

სრულად წაკითხვა