მხეცური თავდასხმები დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე საქართველოში: „მათ შეიძლება დაგვილეწონ ძვლები, მაგრამ ვერ სულიერად ვერ გაგვტეხენ“ — ასეთი სათაური აქვს Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც ნოემბერ-დეკემბრის პროტესტსა და „ქართული ოცნების“, მათ დაქვემდებარებაში მყოფი ძალოვნებისა და არაიდენტიფიცირებადი დაჯგუფებების მხრიდან პროტესტის მონაწილეებზე ძალადობას მიმოიხილავს.
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია ქრონოლოგიურად მიუყვება ფაქტებს. როგორც ანგარიშში აღნიშნულია, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ „ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე აპაუზებდა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების პროცესს, დედაქალაქიცა და სხვა ქალაქებიც მასობრივმა პროტესტმა მოიცვა — ასობით ათასი დემონსტრანტით ქუჩაში, რომლებიც აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ევროპული გზიდან ქვეყანას რუსეთისკენ აბრუნებინონ პირი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მოქალაქეთა მშვიდობიან პროტესტს პოლიციამ წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით უპასუხა და მდგომარეობაც უკიდურესად დაძაბა, ვიდეო კადრებზე კი აისახა მხეცური თავდასხმები დემონსტრანტებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შემსრულებელ ჟურნალისტებზე, დასახიჩრებები, როგორც ძალოვნების, ისე არაიდენტიფიცირებადი ნიღბიანი ჯგუფების მიერ. წერია, რომ პოლიცია დევნის დემონსტრანტებს აქციებს მიღმა, აწარმოებს ჩხრეკას და აკავებს მათ სახლებსა და ოფისებში.
„პოლიციის მიერ არაკანონიერი ძალის გამოყენების, წამებისა და სხვა არასათანადო ზომების მასშტაბი მიუთითებს, რომ ძალოვნები მოქმედებენ მთავრობის მითითებით და წაქეზებულნი არიან დაუსჯელობით“, — წერს Amnesty International.
ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია ისიც, როგორ არ ითვალისწინებს სასამართლო მტკიცებულებებს წამებისა და სახელმწიფოს მხრიდან ძალადობრივი მოპყრობის შესახებ და არღვევს ადამიანთა სამართლიან მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლებას.
„Amnesty International უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოს პროტესტის მიმართ გამოყენებული მზარდად რეპრესიული მიდგომების გამო და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაიცვას და უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უფლებები საქართველოში, მათ შორის, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება. ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ იმოქმედოს და გამოხატოს სოლიდარობა ადამიანების მიმართ, რომელნიც მშვიდობიანად ცდილობენ საკუთარი უფლებების დაცვას საქართველოში“, — წერს საერთაშორისო ორგანიზაცია.
უფლებადამცველებს ანგარიშში მოჰყავთ პარტიის ნების აღმსრულებელი სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ არასათანადო მოპყრობის, წამების არაერთი მაგალითი, მკვლევარ ვატო ბჟალავას დაკავება ქუჩაში სეირნობისას, წყლის ჭავლის არაერთგზის მიშვება ჟურნალისტ მარიამ ნიკურაძეზე და მისი ტექნიკის დაზიანება, მინდია გაბაძე, მაკა ჩიხლაძე, 50-ზე მეტი დაშავებული ჟურნალისტი საერთო ჯამში, პოეტ ზვიად რატიანის დაკავება და მასთან გასწორება, წაქცეული ზვიად მაისაშვილის სასტიკი ცემა, ფოტოგრაფ გელა მეგრელიძეზე, 23 წლის ყრუ ახალგაზრდაზე, დავით აბულაძეზე თავდასხმა, 20 წლის ლაზარე მაღლაკელიძის, გიორგი ჩუტკერაშვილის, გია ჯვარშეიშვილის, ავთანდილ ტიტვინიძის უმოწყალოდ ცემა, სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარის თქმა და სხვა.
„Amnesty International-მა აღწერა რამდენიმე შემთხვევა, როცა დაკავებულებს მხეცურად უსწორდებოდნენ, შეურაცხყოფდნენ და მათი მისამართით სექსუალური ხასიათის მუქარას აჟღერებდნენ — ეს ყველა დამცირება იმისთვის, რომ შეეშინებინათ ადამიანები და ეიძულებინათ, რომ პროტესტში აღარ მიეღოთ მონაწილეობა“, — წერია ორგანიზაციის ანგარიშში.
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, რომ შეწყვიტოს ძალადობა, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, გამოიძიოს ძალაუფლების გადამეტების, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ბოლო მოუღოს დაუსჯელობით ძალოვნების წაქეზებას და უზრუნველყოს მათი იდენტიფიცირებადობა, გაათავისუფლოს დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები, უზრუნველყოს სამართლიანი მართლმსაჯულება.
ორგანიზაცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ საჯაროდ და მკაცრად დაგმოს ძალაუფლების გადამეტება და უკანონო გამოყენება, აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, რომ გაათავისუფლოს დაკავებულები, გამოიძიოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.
მეთვრამეტე დღეა, ასობით ათასი ადამიანი გამოდის თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. დემონსტრაციები არაერთხელ ძალადობრივად დაარბიეს გამთენიისას. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად ძალადობენ ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებზე. ძალოვნები და მათთან დაკავშირებული ზონდერები ადამიანებს თავს ესხმიან სრულიად მშვიდობიან დღეებში, აკავებენ და ძარცვავენ მათ მას შემდეგაც კი, როცა აქცია იშლება და მშვიდობიანი აქციის მონაწილეები სახლებში მიდიან.
მასობრივი პროტესტი მოჰყვა ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ.