„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

2 hours ago 1

2

ნანა სულავა

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – ამას ამბობს პარტია „საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი ცნობილ ადვოკატზე და შემდეგ ბერად აღკვეცილ ლაზარე-ზურაბ ჯორბენაძის თვითმკვლელობაზე და „ალიას“ სკანდალურ ინტერვიუს აძლევს.


– გიორგი, ძალიან თამამ განცხადებას აკეთებთ და რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? და თუკი თქვენი სიტყვების სიზუსტეში დარწმუნებული ხართ, ბოლომდე მოგვიყევი, რა ინფორმაციას ფლობღ?
– ეს არ არის ჩემი ემოციური განაცხადი. ზურაბ ჯორბენაძე ბზობის დღესასწაულზე თავს არ მოიკლავდა. ის რელიგიური გახდა. სულ იმას ამბობდა, რომ ქრისტეს მტრების მხილება ყველა ჩვენთაგანის ვალიაო და ამხელდა კიდეც. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ჩემთან მოვიდა. მას არავითარი სუიციდის
ნიშნები არ ეტყობოდა. პირიქით – ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი. ჩემი პარტიის წევრი გახდა 2016 წლიდან და პარტიის სამომავლო გეგმებზე ბევრი ვილაპარაკეთ. ის ჩვენი პარტიიდან კენჭს იყრიდა საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში. წასვლისას შემითანხმდა, რომ ორ-სამ დღეში მოვიდოდა ჩემთან და გავაგრძელებდით პოლიტიკურ საქმიანობას. იმ ორ-სამ დღეში რა მოხდა, არ ვიცი.
პრესაში დაბეჭდილ პუბლიკაციაში ერთი თვის წინ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს თხოვდა, დამკითხეთო. ყველა მტკიცებულებები გამაჩნია, რომ დაგარწმუნოთ ჩემის სიმართლის სისწორეშიო. იქნებ, დაკითხეს კიდეც ჩუმად, ჩამოართვეს ის დოკუმენტები და მერე მოხდა ის, რაც მოხდა.
– რას შეეხებოდა ეს მტკიცებულებები?
– ერთი იყო დავითგარეჯის საკითხი, რომელიც გამოქვეყნდა, სადაც ნაჩვენები იყო თუ როგორ მოაწერა ხელი პრემიერმა კობახიძემ ალიევთან დავითგარეჯის გასხვისებას; მეორე თემა შეეხებოდა პატრიარქის მონიტორინგს, რომლის გამოქვეყნებასაც აპირებდა. ჩემთვის არ უჩვენებია, მითხრა, გადმოგცემდიო, მაგრამ დიდი საფრთხის წინაშე უნდა დაგაყენოო. ეს მასალა რამდენიმე ეგზემპლარად ჰქონდა და კონკრეტულ პირებს გადასცა თურმე. იმ შემთხვევაში, თუ მის სიცოცხლეს ხელჰყოფდნენ, ისინი დაბეჭდავდნენ.

– ანუ საფრთხეს გრძნობდა?
– რა თქმა უნდა. ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიანო, როგორც ნაცები. მათ ერთი იდეოლოგია აქვთო – მეუბნებოდა.
– რატომ არ აქვეყნებენ ის პირები ამ დოკუმენტს?
– მე ვფიქრობ, ისინი საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრობენ. როგორც კი უსაფრთხო გარემოში იგრძნობენ თავს, მაშინ დაბეჭდავენ. მგონი, ქვეყნიდან წასვლას აპირებენ. რაც შეეხება დავითგარეჯის შესახებ დოკუმენტს, ის ამბობდა, რომ იმ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს საზღვარი დავითგარეჯიდან 50
კილომეტრის დაშორებით იყოო. დარაიას, ყარაიას და ქოლიოს ველის შუაში გადიოდა, რომელიც ჩვენი წინაპრების სისხლით იყო მორწყული. და, წუხდა ირაკლი კობახიძის ღალატზე, თუმცა მისი მამის შვილი, როგორიც ედეპეშნიკი გია კობახიძე იყო, ანტიკონსტიტუციული გადატრიალების ერთ-ერთი იდეოლოგი და აგიტატორი, დაგავიწყდათ? ჯერ კიდევ გადატრიალებამდე როგორ იცავდა მხედრიონს და ამის
ვიდეომასალა საჯაროა. ზურაბ ჯორბენაძე რომ მართალია და მას გააჩნდა ალიევისა და კობახიძის ხელმოწერის დოკუმენტი, ამას ისიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარების ქვედანაყოფების და სასაზღვრო საგუშაგოების განლაგება სტაციონალურად ადასტურებს იმას, რომ მოხდა ასეთი ფარული გარიგება საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. მით უფრო დასაჯერებელია, რომ კობახიძე დუმს და ის არანაირ კომენტარს არ აკეთებს ამ კომენტარზე. თუ ეს გარიგება არ არსებობს, მაშინ ასეთი სტაციონალური საგუშაგოები რატომ არის?!
– საიდან მოიპოვა დოკუმენტები?
– ზურაბ ჯორბენაძეს ხელი მიუწვდებოდა „მეხუთე დონის საიდუმლო დოკუმენტზე“. როცა ის ნაცებმა დაიჭირეს, როგორც ადვოკატი, მაშინ თავისი საადვოკატო სამსახური ჰქონდა. გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი მას ფულს სთხოვდა საარჩევნოდ, რომ შემოწირულობის სახით, შეეტანა ნაცების „ობშიაკში“.
ზურაბ ჯორბენაძემ ეს არ გააკეთა. ნაცები კი აქეთ მოუტრიალდნენ და წაუყენეს ბრალდება ფულის გამოძალვის მუხლით და ციხეში უკრეს თავი. საზოგადოებისთვის  ცნობილია, თუ როგორ აწამეს ზურაბ ჯორბენაძე ციხეში. ჯერ მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს და შემდეგ სასტიკად სცემეს, სთხოვდნენ
დანაშაულის აღიარებას და თანამშრომლობას. სისტემატურად სცემდნენ და აწამებდნენ. ერთი სიტყვით, აიძულეს დათანხმებულიყო თანამშრომლობაზე. მერე ციხიდან გამოუშვეს და კუდის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ დანიშნეს, სადაც ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი.

– გიორგი, მკვდრებზე არ მიუბივარ, არ ვუცემივარ, მაგრამ ხავსმოკიდებულ კრიმინალებთან, მამაშებთან და აგენტებთან მიკრეს თავი ციხეში. ღამით „ბეზპრიდელებს“ მიგზავნიდნენ საკანში და გარეთ გასვლას მაძალებდნენ, რომ ჩემი ლიკვიდაცია მოეხდინათ. მერე იტყოდნენ – თავი მოიკლაო. ხუთი წელი
საკონცენტრაციო ბანაკში გავატარე. ცხრა საათი მკითხავდა ქვეყნიდან გაპარებული, საერთაშორისო დამნაშავე დავით კეზერაშვილის პროკურორი ნუგზარ სალია და უსაშინლესი სასჯელით მემუქრებოდა, თუ მათთან თანამშრომლობაზე ხელს არ მოვაწერდი, თუ არადა, მრავალი წლით გამამწესებდნენ ციხეში. არავინ იცის, რომ დაგიჭირეთ, ახლავე გაგიშვებთ, თუკი დაგვთანხმდები თანამშრომლობაზე. მე, რა
თქმა უნდა, არ დავთანხმდი. ციხეში ორჯერ მომაკითხა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა ლადო გვასალიამ, ერთხელ – რუსთავის კრიტში გადასახლებულს, ღამის 12 საათზე დამიძახეს ადმინისტრაციაში. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის კრიტის უფროსის მოადგილე თამაზ რეხვიაშვილი. ის იყო თვითმხილველი თუ როგორ ზეწოლას ახდენდა ჩემზე გვასალია. ისიც მთხოვდა
მათთან თანამშრომლობას ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ. არ დავთანხმდი. მეორედ მატროსოვის ციხეში მომაკითხა ლადო გვასალიამ ისევ იმ საქმეზე. შეხვედრას ესწრებოდნენ კოლონიის უფროსი მედიკო ალანია და უსაფრთხოების უფროსი ზვიად კვარაცხელია. ისინი ცოცხლები არიან დღეს და ახსოვთ, ალბათ, თუ როგორ მორალურად, პოლიტიკურად და იდეოლოგიურად გავანადგურე ის არსება და მთელი ნაცრეჟიმი. სათქმელი არაფერი დავუტოვე. ბოლოს ისე გარბოდა თავსხმა
წვიმაში, რომ უკან არ მოუხედავს. ციხის უფროსი მედიკო ალანია უკან მისდევდა, ქოლგა მაინც წაგეღოო – მისძახოდა. ამას იმიტომ გიყვები, რომ ნაცებთან ნებისმიერი გარიგება არის საკუთარ ღირსებაზე უარის თქმა და სიკვდილი. მე ხუთი წლის შემდეგ დავტოვე ჩემი ჯანმრთელობის ფასად სააკაშვილის საკონცენტრაციო ბანაკი. ჰოდა, ახლა გეკითხები, პატიმარი დანიშნეს ასეთ თანამდებობაზე. დიდ სამამულო ომში ტყვედ ნამყოფ ჯარისკაცებს ფრონტის ხაზზე არ უშვებდნენ. მათ არ ენდობოდნენ და ზურგში ამუშავებდნენ მხოლოდ. ყოფილი პატიმარი რის წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინათ? მანჯურიის იმპერიის წინააღმდეგ თუ საიგონის რეჟიმის წინააღმდეგ? ზურაბ ჯორბენაძე მათთვის ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების პროექტი იქნებოდა. ამიტომ ბუმერანგის პრინციპი არავინ უნდა
დავივიწყოთ…

– გეთანხმები, მაგრამ ზურაბ ჯორბენაძე აღმოჩნდა ერთადერთი ადვოკატი, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ის იყო აგენტი. რამდენი ადვოკატი აგენტი გვყავს, ვერ დაითვლი, მაგრამ ისინი ფარულად მოქმედებენ. ზურაბ ჯორბენაძემ ყველა დამნაშავე პროკურორი და მოსამართლე ამხილა, რომლებიც წინა და იმის წინა რეჟიმებში იყვნენ მოკალათებულნი. ის სისტემატურად აქვეყნებდა მათ შესახებ კომპრომატებს. მან მისი ძმა ომარ ჯორბენაძეც კი არ დაინდო, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო ნაცრეჟიმის დროს. ომარ ჯორბენაძემ მოიყვანა კოლექტიური მურუსიძეები. ზურაბ ჯორბენაძემ ოცნებაში ჩანერგილი ყველა მოსამართლე და პროკურორი ამხილა. ახლა ეს მექრთაქმე პროკურორები და მოსამართლეები ოცნების დავალებებს ასრულებენ.

– გიორგი, ეკლესიურად ჰქონდა, კურთხევა პოლიტიკურ საქმიანობას რომ ეწეოდა? შენ როცა პარტიაში მიიღე ზურაბ ჯორბენაძე, იცოდი მისი საქმიანობის შესახებ?
– კი ბატონო, ვიცოდი… მაგრამ მივიღე იმიტომ, რომ ის ჩინოვნიკები, რომლებიც დღეს ქოცებში არიან დიდ თანამდებობებზე, ნაცებიდან რომ გადაბარგდნენ, ამათ ზურაბ ჯორბენაძე ბოლომდე ამხელდა და ქართულ საზოგადოებას არკვევდა, თუ რა თაღლითებთან ჰქონდათ საქმე, რომლებიც 14 წელია იტყუებიან. ზურაბ ჯორბენაძისავით ამ საქმეს არავინ აკეთებდა, რაც მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
ასე რომ ვიფიქროთ, რატომ მივიღე, ზვიად გამსახურდიას ვინც უღალატა ისინი ანტისაბჭოთა სუკის აგენტურა აღმოჩნდა. ზურაბ ჯორბენაძეც ამ სისტემაში დაიბადა. წავიდა ტირანი, მოვიდა ფაშისტი; წავიდა ფაშისტი, მოვიდა ოლიგარქი, რომელმაც ტაქტიკა შეცვალა, სხვა არაფერი. ახლახანს ხომ ვიხილეთ მისი რჩეული თეა წულუკიანი რას ამბობდა – ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგიგოთო. ცემეთ, მაგრამ არ
უნდა დააფიქსირებინოთო. ეს პოლიტიკანი ორჯერ იყო მინისტრი და ახლა დეპუტატია.

– გიორგი, ერთი ეს მითხარი – რატომ ენდობოდა ზურაბ ჯორბენაძეს კუდი, მაინცდამაინც ამ სამსახურში რომ გაუშვეს თანამდებობაზე?
– არ ენდობოდა, მაგრამ მისი ცოდნა და განათლება სათავისოდ გამოიყენეს. სჭირდებოდათ მისი გამოცდილება. ის უნიჭიერესი ადამიანი იყო. თან კონტროლის ქვეშ რომ ჰყოლოდათ, რადგან მისი ძმის უშუალო მოქმედებებით ხდებოდა მოსამართლეებისა და პროკურორების დანიშვნა ნაცრეჟიმის დროს. მისმა ძმამ შექმნა სასამართლო სისტემა. ზურაბ ჯორბენაძეც იყო ჩართული ამ პროცესებში.
– ახლაც ხომ არ არის მისი ძმა – ომარ ჯორბენაძე, ჩართული ამ პროცესებში?
– არა, ის უმძიმეს მდგომარეობაშია ჯანმრთელობის მხრივ. მას მიზანმიმართულად, ხელოვნურად, არასწორი მკურნალობით პარკინსონი დამართეს.
– როდის დამართეს პარკინსონი?
– როცა უკვე ნაციონალები ხელისუფლებიდან მიდიოდნენ, მაშინ დაუწყეს მკურნალობა და ნაცებმა ეს მორიგი ბოროტება ჩაიდინეს. ქოცებმა გააგრძელეს ეს პოლიტიკა – მარტო ზურაბ ჯორბენაძე კი არ მოკლეს, არამედ ჩვენი პარტიის ცხრა წევრი დღემდე გაურკვეველ ვითარებაშია გარდაცვლილი – პარლამეტთან მოკლეს გიორგი კერვალიშვილი, რომელმაც ჯერ კიდევ 1991 წელს დააფუძნა სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია. კერვალიშვილზე გაავრცელეს, რომ გულის შეტევით მოკვდაო. საქმე გამოუძიებელია. ჩვენი პარტიის აქტიური წევრი ქეთინო გეჯაძე მოწამლეს და ის
მალე გარდაიცვალა; ვაჟა მთავრიშვილი მოკლეს; ჯონი გრიგოლია საზღვარგარეთ მოკლეს; დენიზა ზუმბაძეზე ახლახან თავდასხმა მოაწყვეს; ქრისტეფორე წამალაიძის შვილი გაურკვეველ ვითარებაში ნახეს გარდაცვლილი, სავარაუდოდ, მოწამლეს. გამოძიებაც კი არ არის დაწყებული ზემოთ ჩამოთვლილ გარდაცვლილებზე.
– გიორგი ზურაბ ჯორბენაძის საქმეზე არ დაიწყო გამოძიება?
– ყველაფერი, მის შესახებ, გასაიდუმლოებულია. ხმას არ იღებენ. გავიგეთ, რომ პათანატომიური ექსპერტიზა ჩაატარეს, მაგრამ არავის უნახავს ექსპერტიზის დასკვნა. ზურაბ ჯორბენაძის დასაფლავებაზე შიშით მისი უახლოესი მეგობრები და ახლობლებიც კი არ მისულან. ძალიან მოკლე დროში დაასაფლავეს. მას ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა. ზურაბ ჯორბენაძის მიერ იყო ოცნებაში ჩანერგილი მამუკა მდინარაძე, თადუმაძე, არჩილ თალაკვაძე, რომლებიც შემდეგში საჯაროდ ამხელდა. ეს სია საკმაოდ გრძელია. ოცნების გენპროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ერთხელ დაიბარა ზურაბ ჯორბენაძე, პროკურატურის ქვედა სართულზე ჩაიყვანა და აჩვენა კაბინეტი, რომელზეც ეწერა „ამერიკის იუსტიციის გენერალი“. კბილაშვილმა აუხსნა ჯორბენაძეს – ჩვენ ვერაფერს ვწყვეტთ, გადაწყვეტილებებს ამ კაბინეტში ღებულობენო. თქვენ მკითხეთ დასაწყისში, რამ მიგვიყვანა ზურაბ ჯორბენაძის ტრაგედიამდეო. ამდენი რეფორმები ჩატარდა, მაგრამ რატომ გვაქვს მაინც ასეთი უსამართლო სასამართლო და პროკურატურა? რატომ და იმიტომ, რომ 1991 წელს შეიარაღებულმა დემოკრატებმა რუსთავალზე ზარბაზანი შემოაგორეს და დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, განდევნეს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, გარეკეს უზენაესი საბჭო და მთელი სასამართლო ხელისუფლება ჩადგა ხუნტის
სამსახურში. იმ მოსამართლეებმა, რომლებიც უზენაესი საბჭოს მიერ იყვნენ დანიშნული, ერთი წლის შემდეგ ყველამ უღალატეს საქართველოს კონსტიტუციას და ვაი-მოსამართლეები ასამართლებდნენ უზენაესი საბჭოს დეპუტატებს და რიგით ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ კონსტიტუციურ წყობილებას. აი, რატომ განადგურდა სასამართლო სისტემა და დღემდე ინფექციასავით არის
გავრცელებული. და ეს მოსამართლეები მემკვიდრეობით გადადიან ერთი რეჟიმიდან
მეორე რეჟიმში, მეორიდან – მესამეში. ახლა ვინც ინიშნება, იგივე ინფექციით ავადდება და ასეთი მოსამართლეები არც თვითონ მკურნალობენ და აღარც აღმასრულებელი ხელისუფლება ცდილობს მათ „გამოჯანმრთელებას“. რაც შეეხება პროკურატურას, გაიხსენეთ, მას შემდეგ რაც ქურდმა პროფესორმა ჯაბა იოსელიანმა დანიშნა გენერალური პროკურორი ვახტანგ რაზმაძე, რომელიც მაშინვე ხუნტის
სამსახურში ჩადგა, ყველა რეზონანსული საქმე გამოუძიებელია. ვახტანგ რაზმაძე სიცრუეს ავრცელებდა – ზვიად გამსახურდიას დასაჭერი ადამიანების სია აქვსო, ქვეყნიდან 25 კილო ოქრო გაიტანაო. ესენი, ყველანი ტირანიის სამსახურში იყვნენ. ქრონოლოგიას თუ მივყვებით, 2004 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, დღეს პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ორქუაშვილმა განაცხადა – მე რჩევებს ვეკითხები ვახტანგ რაზმაძეს და მიხეილ ქურდაძესო. მიხეილ ქურდაძეც ხუნტის სამსახურში იყო, მაგრამ მისი სახლის სადარბაზოში ჩაცხრილეს. ოქრუაშვილმა მიხეილ ქურდაძეს ძეგლი დაუდგა. დღევანდელი პროკურატურა რაზმაძის, ქურდაძის, ოქრუაშვილის, ადეიშვილის პროკურატურის გაგრძელებაა.
ჰოდა, ასეთი პროკურატურა გამოიძიებს ზურაბ ჯორბენაძის ტრაგედიას?! პროკურატურას, რომელსაც ასეთი პოლიტიკური და იდეოლოგიური წინამორბედები ჰყავდა, რომელთან გამიჯვნაც დღემდე არ მომხდარა, რამდენიც არ უნდა ავრცელოს ცრუიდეოლოგიუირი კლიშეები ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, პროკურატურა ხალხის სამსახურში ჩადგაო, ეს არის ისეთივე მართალი, როგორიც მისი 2012 წლის საარჩევნო ბლოკის მიერ გაცემული დაპირებები – დაწყებული „უპირველეს ყოვლისა
სამართლიანობის აღდგენა“ და დამთავრებული – კომუნალური გადასახადების
განახევრება.
ამიტომ ვამბობთ –  პირველ რიგში უნდა მოხდეს კონსტიტუციური კანონიერების აღდგენა; სასწრაფოდ უნდა მიიღონ ლუსტრაციის კანონი და შემდეგ ეს პუტჩისტური მთავრობა უნდა მოშორდეს ქვეყანას. ჩვენ
ზურაბ ჯორბენაძის ტრაგედიაში ცხადად დავინახეთ, რომ მის წინააღმდეგ მოქმედებდნენ სიცილიური მაფიისთვის დამახასიათებელი მეთოდებით და სტილით. ამიტომ ეს მაფიოზები დროულად უნდა მოვიშოროთ, რომ ქართველმა ხალხმა ამოვისუნთქოთ და ქვეყანა განვითარდეს.

სრულად წაკითხვა