ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 10 მაისს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გამდიდრებული ურანის მარაგი ირანიდან უნდა „გაიტანონ“, მანამდე აშშ-სა და ისრაელს შორის ომი ირანის წინააღმდეგ დასრულებულად არ ჩაითვლება.
„ეს არ დასრულებულა, რადგან ჯერ კიდევ არსებობს ბირთვული მასალა - გამდიდრებული ურანი - რომელიც ირანიდან უნდა გაიტანონ. ჯერ კიდევ არსებობს გამდიდრების ობიექტები, რომლებიც უნდა დაიშალოს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ინტერვიუს ნაწყვეტში, რომელიც კვირას, CBS-ის გადაცემა „60 წუთის“ ეთერში გავა.
„შეხვალ და გამოიტან“, - განაცხადა ისრაელის ლიდერმა, როდესაც ჰკითხეს, თუ როგორ შეიძლებოდა ურანის გამოტანა.
ნეთანიაჰუმ თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც მსგავსი პოზიცია აქვს.
„მე არ ვაპირებ სამხედრო საშუალებებზე საუბარს, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა მითხრა - „მინდა იქ შესვლა“.
თუმცა ნეთანიაჰუს განცხადება ეწინააღმდეგებოდა ტრამპის საჯარო პოზიციას.
აშშ-ის 79 წლის პრეზიდენტი მზარდი შიდა ზეწოლის ქვეშაა ირანის ომის დასრულებასთან დაკავშირებით და ამტკიცებს, რომ თეირანის ბირთვული პროგრამა შეჩერებულია.
10 მაისს ეთერში გასულ, თუმცა, როგორც ჩანს, უფრო ადრე ჩაწერილ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი „სამხედრო თვალსაზრისით დამარცხებულია" და ამტკიცებს, რომ ურანის გამოტანა შესაძლებელია, „როდესაც ჩვენ მოვისურვებთ“.
CBS-ის კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ურანის მარაგების ირანიდან გატანა, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ ის შეთანხმებას ამჯობინებდა.
„ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება ფიზიკურად გაკეთდეს. ეს არ არის პრობლემა. თუ შეთანხმება გაქვს და შეხვალ და გამოიტან, რატომაც არა? ეს საუკეთესო გზაა.“
კითხვაზე, არსებობს თუ არა დამალული ურანის ამოღების სამხედრო ვარიანტები, ნეთანიაჰუმ უპასუხა: „მე არ ვაპირებ ჩვენს სამხედრო შესაძლებლობებზე, გეგმებზე ან მსგავს რამეზე საუბარს“.
„ამის განრიგის შედგენას არ ვაპირებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მისიაა“.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ურანის მარაგების გადაუჭრელი საკითხის გარდა, არსებობს კიდევ რამდენიმე სხვა საომარი მიზანი, რომლებიც ჯერ კიდევ მისაღწევია.
„ჯერ კიდევ არსებობენ მოკავშირეები, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, მათი ბალისტიკური რაკეტები, რომელთა წარმოებაც მათ ჯერ კიდევ სურთ. ახლა, ჩვენ მათი დიდი ნაწილი დავაზიანეთ, მაგრამ ეს ყველაფერი იქ ჯერ კიდევ არსებობს და სამუშაოა ჩასატარებელი“.

16 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·