ნეთანიაჰუ ჰამასის ლიდერებს ღაზის სექტორიდან გასვლას სთავაზობს, მაგრამ მოითხოვს დაჯგუფების განიარაღებას

2 days ago 8

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 30 მარტს შესთავაზა ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) ლიდერებს, დატოვონ ღაზის სექტორი, მაგრამ დაჯგუფებას იარაღის დაყრა მოსთხოვა.

ისრაელის ამის ფონზე აგრძელებს პალესტინელთა ტერიტორიის დაბომბვას.
30 მარტის დილით, ისრაელის საჰაერო თავდასხმას სახლსა და კარავზე, რომელსაც დევნილი პალესტინელები აფარებდნენ თავს, ემსხვერპლა, სულ ცოტა, რვა ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი, - განაცხადა ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ.
ხან-იუნისში თავდასხმა მოხდა ეიდ ალ-ფითრის დღესასწაულის პირველ დღეს, როცა მუსლიმები მათი წმინდა თვის - რამადანის დასასრულს აღნიშნავენ.

ისრაელმა 18 მარტს განაახლა ფართომასშტაბიანი დაბომბვა პალესტინის ტერიტორიაზე და შემდეგ დაიწყო ახალი სახმელეთო შეტევა, რითაც დასრულდა თითქმის ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტა ჰამასთან ომში.
ნეთანიაჰუმ უარყო მტკიცებები იმის შესახებ, რომ ისრაელი არ მონაწილეობს მოლაპარაკებებში, რომლებიც მიზნად ისახავს ღაზაში მძევლების გათავისუფლებას და თქვა, რომ რომ ჰამასზე სამხედრო ზეწოლა შედეგიანი აღმოჩნდა.

„ჩვენ ცეცხლის ქვეშ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს... ვხედავთ, რომ ბზარები ჩნდება“, - განაცხადა მან მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასაწყისში.
"ჰამასმა უნდა დაყაროს იარაღი. მის ლიდერებს მიეცემათ უფლება, რომ დატოვონ იქაურობა", - თქვა ნეთანიაჰუმ.
”სამხედრო ზეწოლა შედეგიანია”, - განაცხადა მან. ნეთანიაჰუს თანახმად, ისრაელის სტრატეგია იყო ჰამასის დასუსტება და მასზე ზეწოლის გაზრდა მძევლების გათავისუფლების მიზნით.
ჰამასმა მზადყოფნა გამოხატა ღაზის მმართველობის გადაცემაზე, მაგრამ გამოთქვა გაფრთხილება, რომ მისი იარაღი არის "წითელი ხაზი".
ეგვიპტე, კატარი და შეერთებული შტატები კვლავ ცდილობენ, შუამავლის როლი შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტაში და მიაღწიონ ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას.

ჰამასის მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა 29 მარტს განაცხადა, რომ დაჯგუფებამ მოიწონა შუამავლების მიერ წამოყენებული ცეცხლის შეწყვეტის ახალი წინადადება და მოუწოდა ისრაელს, მხარი დაუჭიროს მას.
ნეთანიაჰუს ოფისმა დაადასტურა წინადადების მიღება და განაცხადა, რომ ისრაელმა საპასუხო პირობები წარადგინა.
თუმცა ბოლოდროინდელი შუამავლობის მცდელობის დეტალები კვლავაც უცნობია.

ღაზელმა მედიკოსებმა, ასევე თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმები ხან-იუნისში და ღაზის ზოგიერთ სხვა ნაწილში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის ძალები მუშაობენ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ გეგმაზე, რომელიც ღაზის ყველა 2.4 მილიონი მცხოვრების სხვა ქვეყნებში გადასახლებას გულისხმობს.
პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი უზრუნველყოფს საერთო უსაფრთხოებას ღაზაში და "მოახდენს ტრამპის გეგმის - ნებაყოფლობითი მიგრაციის გეგმის - განხორციელებას".

ტრამპმა შეთავაზების თანახმად, უნდა მოხდეს ღაზის მოსახლეობის გაყვანა ტერიტორიიდან, რომელიც ამის შემდეგ აშშ-ის საკუთრებაში იქნება, მოხდება მისი განახლება და პალესტინელებს იქ დაბრუნების უფლება აღარ ექნებათ.
მოგვიანებით მან თქვა, რომ "არ აიძულებს" ამ გეგმას, რომელიც ფართოდ იქნა დაგმობილი, მაგრამ "წყნარად დაჯდებოდა და მას რეკომენდაციას გაუწევდა".


30 მარტს, დილით, ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ გადაიტაცეს მისი მიმართულებით გასროლილი რაკეტა, სანამ ის "ისრაელის ტერიტორიას გადაკვეთდა".

სრულად წაკითხვა