ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო სააგენტო TASS ავრცელებს, რომელიც ფარცხალაძეს ესაუბრა.
მათივე ცნობით, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსეთში ჩამოყალიბებული მოხალისეთა მრავალეროვანი დანაყოფის „გეორკგიევსკის“ მეთაურია.
„1945 წელს რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა სწორედ რუსმა მიხეილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს, ჩემი ყოველი მეოთხე თანამემამულე თავისუფლებისთვის იბრძოდა. დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც მაშინ, მტრის განადგურების სიმბოლოს კვლავ აღმართავენ რუსი და ქართველი. ჩვენი თანამოაზრეების მიერ, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების გაერთიანებას, ასევე ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვას, ჩამოყალიბდა ინტერნაციონალური დანაყოფი „გეორგიევსკი“, — განაცხადა ფარცხალაძემ.
ფარცხალაძის თქმით, მისი დანაყოფის დასახელება უკავშირდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს, რომელმაც „უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“. მისი თქმით, დანაყოფის მთავარი ამოცანაა „ბოლომდე მიიყვანოს იმ ბოროტებასთან ბრძოლა, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს“.
ოთარ ფარცხალაძის განცხადებით, მან ნებაყოფლობით მიიღო გადაწყვეტილება ომში რუსეთის მხარეს მიეღო მონაწილეობა.
რუსული მედიის ცნობით, ფარცხალაძემ ხაზი გაუსვა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასაწყისიდანვე თავის გუნდთან ერთად აქტიურად ეხმარება რუს სამხედრო მოსამსახურეებსა და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“, კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქების „მშვიდობიან მოსახლეობას“.
„დღეს, როდესაც რუსეთი ებრძვის დასავლურ ზეწოლას საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, მე მზად ვარ დავეხმარო სამშობლოს ლიდერის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევაში“, — განაცხადა ფარცხალაძემ.
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული.
ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს.
ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალდებულებს დავით და გიორგი მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ამავე საქმეზე ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, დანაშაულის დაფარვის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე ბრალდებულებს კი 10 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
პროკურატურის ვერსიით, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნეს-საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება.
დეტექტივ რობიკო გოგიაშვილის პატაკის თანახმად, ე.წ. კანონიერი ქურდის, „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა – ირაკლი უსოიანმა ჯანგველაძის მკვლელობა ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეუკვეთა.
netgazeti