WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა უარყო სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რიწის ეროვნულ პარკში „ვულკანის ამოფრქვევა“ დაიწყო.

მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო და თვითმხილველის მონათხრობი, რომლის მიხედვითაც, რიწისკენ მიმავალ გზაზე, კლდოვან ფერდობზე რამდენიმე საღამოს განმავლობაში მცირე ნათებები ჩანდა.

„უკვე მეორე დღეა, საღამოს ვხედავთ პატარა ცეცხლებს, რომლებიც ზემოდან ქვემოთ ეშვება და მალევე ქრება. ჩვენი აზრით, შეიძლება ეს ლავა იყოს, პატარა ვულკანი. ჩვენი მთები ძალიან ახალგაზრდაა და ყველა ნიშნით ლავას ჰგავს“, - ამბობდა ვიდეოს ავტორი.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ადგილზე მაშველთა ჯგუფი გავიდა. ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რთულად მისადგომი მთიანი ტერიტორია დრონის საშუალებითაც შეისწავლეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ კვამლისა და ნათების მიზეზი ციცაბო კლდოვან ფერდობზე მდგარი ხე აღმოჩნდა, რომელსაც, სავარაუდოდ, უამინდობის დროს მეხი დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა. უწყებამ ადგილზე გადაღებული ვიდეოც გამოაქვეყნა.

ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახური აცხადებს, რომ ტერიტორიაზე ვულკანური აქტივობის ან ფართომასშტაბიანი ტყის ხანძრის საფრთხის ნიშნები არ გამოვლენილა.

რიწის პარკი გუდაუთის მუნიციპალიტეტში, მთავარი კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, რიწის ტბის გარშემო მდებარეობს. 16 229 ჰექტარის ფართობის პარკი 1946 წელს შეიქმნა შავი ზღვის სანაპიროს მთიანი ლანდშაფტის დაცვის მიზნით.