დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულთაგან სამი ავტომობილში დააკავეს და მანქანაში „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და ვაზნები ამოიღეს.
გარდა ამისა, დაკავებულთა სახლებიდან ამოიღეს საბრძოლო მასალა, 16 სატელეფონო „სიმ“ (SIM) ბარათი, ოთხი ყალბი სარეგისტრაციო ნომერი და ორი ავიაბილეთი მოსკოვისკენ - „კრიმინალური დაჯგუფების სავარაუდო წევრების სახელზე“.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ წუხელვე განაცხადა, რომ სპეცოპერაცია დაკავშირებული იყო „მაღალი რანგის თანამდებობის პირზე თავდასხმასთან“, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.
ამავე წყაროს თანახმად, ოპერაციაში 100-მდე ოფიცერი იყო ჩართული.
ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეგრამ-გვერდი იუწყება, რომ სპეცოპერაციას წინ უძღოდა შეიარაღებული პირების შეჭრა „საბაჟო კომიტეტის“ თავმჯდომარის, ალექსანდრე ჩოჩიევის ოფისში, - მას გარკვეული მოთხოვნები წაუყენეს და სცემეს.