ოლეშკის ევაკუირებულმა მცხოვრებლებმა გაიარეს ჩერნიგოვის ოლქში მდებარე სასაზღვრო პუნქტი „ნოვიე იარილოვიჩი“. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ამ მომენტის მდგომარეობით, ოლეშკელმა უკრაინის მოქალაქეებმა ჩერნიგოვის მხარეში გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი. ყველას გაეწევა საჭირო დახმარება. მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო სტრუქტურებმა და ყველა ჩართულმა საოლქო თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეფექტიანად იმუშაონ და ჩვენს ხალხს ადაპტაციაში დაეხმარონ“, - დაწერა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ოლეშკიზე ჰუმანიტარული წვდომა შენარჩუნდება ლოკალური ზავის დასრულების შემდეგაც. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ს ხელშეწყობისთვის და პირველ ლედის, მელანია ტრამპს, შუამავლობისთვის, ასევე ყველა ჟურნალისტს, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, რომლებმაც მსოფლიოს ყურადღება მიაპყრეს ოლეშკიში შექმნილ ჰუმანიტარულ კატასტროფას. „როდესაც მსოფლიოს ყურადღება არსებობს, ხალხის გადარჩენაც ხდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ოლეშკის მცხოვრებლები უკრაინის საზღვართან მიიყვანეს ავტობუსებით, რომლებიც გომელის აეროპორტიდან დაიძრნენ. საზღვრის გადაკვეთისას ისინი ბელარუსის ავტობუსებიდან უკრაინისაზე გადასხდნენ.
ოლეშკელი უკრაინელები გომელში ოთხი თვითმფრინავით ჩაიყვანეს ანაპიდან, სადაც ისინი წინა დღეს ავტობუსებით ჩავიდნენ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის გავლით. უკრაინის ომბუდსმენმა, დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ ოლეშკიდან ევაკუირებული უკრაინის მოქალაქეები საზღვარზე ფილტრაციასა და ტელეფონების შემოწმებას არ შეჯახებიან. მისი თქმით, ევაკუაციის ადგილამდე გზად მათ შეუერთდნენ ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლებიც, რომლებიც ასევე ითხოვდნენ დახმარებას.
მიუხედავად ამისა, გამოცემა „აგენტსტვო“ წერს მოხალისე ქსენია არქიპოვაზე დაყრდნობით, რომელიც ოლეშკის მცხოვრებლებს 2022 წლიდან ეხმარება, რომ ყველას ევაკუაცია არ განხორციელებულა. მისი თქმით, გარეუბნების მაცხოვრებლების ნაწილი ბლოკპოსტებზე არ გაატარეს, ხოლო ზოგიერთ ადამიანთან, რომლებსაც გადაადგილება უჭირთ, არ მისულან.
ამერიკული კონსერვატიული ტელეარხის, Newsmax-ის კორესპონდენტმა, ალექს სალვიმ, რომელიც ევაკუაციის პროცესს აკვირდებოდა, განაცხადა, რომ ოლეშკის მცხოვრებლებისთვის რუსეთში ევაკუაცია არ დაუძალებიათ და რომ მან დათვალა 11 ავტობუსი უკრაინისკენ მიმავალი ევაკუირებულებით და ოთხი ავტობუსი იმ ადამიანებით, რომლებმაც რუსეთში დარჩენა გადაწყვიტეს.
რუსმა Z-სამხედრო კორესპონდენტებმა მისი რეპორტაჟი „მანიპულაციურად“ შეაფასეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ ევაკუირებულების უკრაინაში ჩასვლამდე დაადანაშაულა უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლეშკიში ზავის დარღვევაში. განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა, როდიონ მიროშნიკმა განაცხადა, რომ უკრაინულმა უპილოტო აპარატმა ქალაქიდან გასასვლელში სამოქალაქო ავტომობილს შეუტია. დიპლომატის თქმით, ორი დაზარალებული, რომლებმაც ნაღმის აფეთქებითა და ნამსხვრევებით მიიღეს ჭრილობები, სურსათის შესაძენად მიემართებოდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების „სამხრეთის“ ჯგუფის სარდლობის წარმომადგენელმა, მაქსიმ კრავჩუკმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთვის“ მიცემულ კომენტარში უპასუხა, რომ უკრაინის ძალები ჰუმანიტარული მისიის ჩატარების ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს მკაცრად იცავენ, „სამაგიეროდ, დაფიქსირებულია მტრის პროვოკაციული ქმედებები“. კრავჩუკის თქმით, ზავის პერიოდში უკრაინის სამხედროებმა ოლეშკის თავზე ცაში არაერთხელ შენიშნეს რუსეთის სადაზვერვო დრონები და დააკვირდნენ, როგორ ყრიდნენ რუსები დრონებიდან ტვირთებს.
ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 1 ნოემბერს უნდა დასრულდეს გვიან საღამოს.
radiotavisupleba ახალი ამბები