სახალხო დამცველი სავარჯიშო დარბაზის, „რეფორმერ ფიტნესის“ დირექტორის, გიორგი ფუტკარაძის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე ზედამხედველი ინსტიტუტი, ყველა იმ პირის განცხადებას შეისწავლის, რომლებიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევენ.
როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, საქმის სრულყოფილად შესწავლის პროცესში “აპარატი ახდენს მოპასუხის ინფორმირებას და გამოითხოვს რელევანტურ ინფორმაციას”.
ომბუდსმენის განცხადების თანახმად, “დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი ვრცელდება ასევე, კერძო დაწესებულებებზე, რომლებიც მომხმარებლებს სერვისს და მომსახურებას სთავაზობს; ანტი-დისკრიმინაციული კანონი კი განმარტავს, რომ თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება საჯაროდ ხელმისაწვდომი საქონლისა და მომსახურების მიღებაზე”.
სახალხო დამცველის განცხადება პასუხია Reformerfitness-ის დირექტორის საჯარო გამოხმაურებაზე, რომელიც გიორგი ფუტკარაძემ გამოაქვეყნა ომბუდსმენის აპარატის მიერ 25 სექტემბერს გაგზავნილი წერილის პასუხად.
25 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატმა „რეფორმერ ფიტნესის“ დირექტორს, გიორგი ფუტკარაძეს, წერილობით შეატყობინა, რომ აპარატს განცხადებით მიმართა ფიოდოროვ ალექსანდრე ალექსანდროვიჩმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ პოლიტიკური შეხედულების ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლია.
მიმართვის საფუძველზე ომბუდსმენის აპარატმა Reformerfitness-ს განმარტება მოსთხოვა, რასაც კომპანიის დირექტორმა გიორგი ფუტკარაძემ საჯაროდ უპასუხა.
“ვინაიდან და რადგანაც კანონის ენით „საქართველოს სახალხო დამცველი” გქვიათ გადავწყვიტეთ, თქვენს #25/7686 წერილზე პასუხი გაცნობოთ სახალხოდ და არა შეტყობინებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შეგიძლიათ აცნობოთ საჩივრის ავტორსაც", - წერია სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც გიორგი ფუტკარაძე განმარტავს, რომ როგორც კერძო ბიზნესის მესაკუთრე, "უფლებამოსილია" აირჩიოს "სტუმრები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ისევე, როგორც მომხმარებელს აქვს უფლება აირჩიოს პროდუქტისა და მომსახურების მიმწოდებელი თავისი გემოვნებისა და კრიტერიუმების შესაბამისად".
"რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან საჯაროდ გვაქვს გაცხადებული, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას არ მოვემსახურებით, თუკი წერილობით არ დაადასტურებენ პატივისცემას ჩვენი და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ... დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენ ასევე არ ვემსახურებით საქართველოს საპოლიციო სისტემის თანამშრომლებს და აღნიშნულის მიზეზი და საჯარო განცხადებაც შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ბმულების საშუალებით.
არ არსებობს კანონი და ძალა, რომელიც გვაიძულებს მოვემსახუროთ ჩვენთვის არასასურველ სტუმრებს, ან არ მოვემსახუროთ ჩვენთვის სასურველ მომხმარებლებს (როგორც ამას პანდემიის დროს ვაკეთებდით).
თქვენ ამას დისკრიმინაციას უწოდებთ, სეგრეგაციას თუ სტიგმას საერთოდ არ გვაინტერესებს.
როგორც ჩანს, თქვენ მიერ დადგენილი ვადაც შემომგვერღვა, მაგრამ ესეც არ გვაინტერესებს.
გირჩევთ, ასე ოპერატიულად და მონდომებით დაიცვათ საქართველოს მოქალაქეების უფლებები სისტემის წინაშე”, – ნათქვამია Reformerfitness-ის ფეისბუკის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ფორმა კი, რომელზე ხელმოწერასაც სავარჯიშო დარბაზი რუსეთის მოქალაქეებს სთხოვს და რაც დისკრიმინაციულად მიიჩნია მოქალაქემ, რომელმაც საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა, შემდეგი შინაარსისაა.
"მე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე -- ვიმყოფები რა საქართველოს ტერიტორიაზე, გამოვხატავ ჩემს პატივისცემას საქართველოს, ქართველ ხალხისა და მათი თავისუფლების მიმართ, ვაფასებ მათ სტუმართმოყვარეობას. ვუჭერ მხარს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამას ვადასტურებ ხელმოწერით”.
როგორც გიორგი ფუტკარაძემ უთხრა ტელეკომპანია "ფორმულას", ამ პრაქტიკას მიმართავენ 2022 წლიდან, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან და აქამდეც ჰქონიათ შემთხვევა, როდესაც ფორმის შევსებაზე უარი მიუღიათ. გიორგი ფუტკარაძემ განმარტა, რომ ასეთ "ხალხს უარს ეუბნებიან მომსახურებაზე" და უარს ეუბნებიან ისეთსაც, რომელიც "მორალს უკითხავს, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გამიჯნონ". იგი ამბობს, რომ არ აინტერესებს, სამართლებრივად რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახალხო დამცველი.
ომბუდსმენის განცხადებაში კი წერია, რომ კომპანიის მიერ გავრცელებული საჯარო განცხადება "ემსახურება პირად მიზნებს, სპეკულირებს ყველასთვის განსაკუთრებით მტკივნეული საკითხით – საქართველოს ოკუპაციით და ამავდროულად ავრცელებს ცრუ ნარატივს, სახალხო დამცველისა და მისი აპარატის დისკრედიტაციის მიზნით".
"სახალხო დამცველი კვლავ გააგრძელებს დისკრიმინაციის თაობაზე განცხადებების შესწავლასა და მათზე რეაგირებას, განურჩევლად განმცხადებლის მოქალაქეობისა და ეროვნებისა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ 13 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.