ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად პროკურატურის მოწმეები ევროკომისრებსაც ადანაშაულებენ — ე.წ. საბოტაჟის საქმე

5 hours ago 9

სასამართლოში ოპოზიციონერი ლიდერების დევნის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, პროკურატურამ თავის მოწმეებად დღეს, 14 ივლისს, „ოცნებასთან“ დაკავშირებული და დასავლეთთან ინტეგრაციის მოწინააღმდეგე პარტიის, „ნეიტრალური საქართველოს“ წევრები მოიყვანა.

სწორედ მათი მიმართვის საფუძველზე დაიწყო პროკურატურამ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ.

როგორც ბრალდებულები და ადვოკატები მედიასთან ჰყვებიან, ვატო შაქარიშვილი, გელა ნიკოლაიშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი, ნანა კაკაბაძე, ბიძინა გიორგობიანი სასამართლოში ჩვენების მიცემისას, არამარტო ოპოზიციონერ ლიდერებს, ევროპისა და ამერიკის დიპლომატიური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს მოიხსენიებენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებად საქართველოს წინააღმდეგ.

„კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, რომელიც წინააღმდეგია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების, რომელსაც სურს ამოიღოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, ამ პარტიის წარმომადგენლების პოლიტიკური განცხადებები მოვისმინეთ. ცხადია, რომ ამას მოწმის ჩვენება ვერ დაერქმევა. ნახეს ჩვენი განცხადებები ტელევიზიით, არ მოეწონათ და შეიტანეს განცხადება პროკურატურაში“, — ასე შეაფასა ბადრი ჯაფარიძემ „ნეიტრალური საქართველოს“ წევრთა ჩვენებები.

მაგალითად, ლევან ნიკოლეიშვილი, რომელიც გენერალური შტაბის უფროსი და პოლკოვნიკი იყო თავის დროზე, სახელობითად ასახელებს მაღალი პოლიტიკური და დიპლომატიური თანამდებობების პირებს.

„ბრალდების მხარეს დაწყებული აქვს გამოძიება და აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს უცხო ქვეყნის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ და ამ მტრულ ძალად და სახელმწიფოდ მიაჩნიათ ამერიკის შეერთებული შტატები. […] ლევან ნიკოლეიშვილმა სასამართლოს მისცა ჩვენება, რომ ამ აგენტურული ჯგუფის მხარდამჭერი და თანამოაზრე გახლდათ ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და როგორც მან მთხოვა პირადად, რომ არ გამომრჩენოდა არავითარ შემთხვევაში — ქალბატონი მართა კოსი. სწორედ ეს ადამიანები არიან საერთაშორისო დანაშაულებრივი აგენტურული ქსელის წევრები, რომლებიც გეგმავდნენ და მონაწილეობდნენ ანტიქართულ მოქმედებაში და ამაში ხელს უწყობდნენ ქართველი პოლიტიკოსები. ამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებად ისინი მიიჩნევენ კელი დეგნანს, CIA-ს, როგორც ერთ-ერთ მონაწილე ორგანიზაციას“, — ამბობს მედიასთან ადვოკატი ომარ ფურცელაძე, რომელიც გიორგი ვაშაძის ინტერესებს იცავს.

თავად ლევან ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ მას მსგავსი რამ არ უთქვამს. ნიკოლეიშვილის თქმით, უბრალოდ „ამერიკის ერთ-ერთი ელჩი იყო ჩართული ოპოზიციის აქციებში“. „კაია კალასი და ევროკავშირის სხვა ბიუროკრატები მოწოდებულნი არიან იმისთვის, რომ რამენაირად საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი, უყენებენ ათასნაირ ულტიმატუმს და აშანტაჟებენ“. კელი დეგნანი კი „არის პიროვნება, რომელმაც ძალიან დიდი ნეგატიური როლი ითამაშა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესებაში“.

„ჩვენებაში ვთქვი, რომ ამერიკის მაშინდელი [2024 წლის] ადმინისტრაცია და კერძოდ ამერიკის მაშინდელი ელჩი უშუალოდ იყო ჩართული მტრულ საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებული იყო რევოლუციის მხარდაჭერაში“, — აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი და ამბობს, რომ გამოძიების პრეროგატივაა, დაკითხავენ თუ არა კაია კალასს, ევროკავშირის სხვა ბიუროკრატებსა და დეგნანს.

ხისტად აფასებს ზურა ჯაფარიძე დასავლეთთან ინტეგრაციის მოწინააღმდეგე პარტიის წევრების ჩვენებებს და მათ ბოდვას უწოდებს.

„ე.წ. „ნეიტრალური საქართველოს“ ხალხი ჰყვება, რომ არის ფართო აგენტურული ქსელი, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ, პოლიტიკოსები, მედიაც, არასამთავრობო ორგანიზაციები, რუსთაველზე ვინც დგას და ეს არის დიდი გაშლილი ქსელი. ამბობენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რაც რუსთაველზე ხდებოდა, ეგ იყო კონსტიტუციური წესრიგის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელსაც აფინანსებდა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და ამას USAID-ის გავლით აკეთებდა და რომ ეს ფული ჩვენთან მოდიოდა და ჩვენ ვაფინანსებდით.

ილონ მასკმა თქვაო, რომ USAID-ი ცუდ რაღაცებს აკეთებდაო და ეს არის მტკიცებულება… დავაკონკრეტებინე, მაგას ამბობ, რომ აქ გადატრიალებას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო აწყობდა-მეთქი? და კიო.

დეგნანი არის აგენტიო. დეგნანი, ამერიკის ელჩი, როგორ უნდა იყოს აგენტი? ფორმატი არ არის ისეთი, რომ პროკურორს ჰკითხო: „ესენი რასაც ბოდავენ, ამას ეთანხმებით? ბრალის ნაწილია და ამიტომ ვართ აქ?“ ამ კითხვას ვერ სვამ. კითხვას არ გასმევინებენ კი არა, ჩაქუჩს იქნევს მოსამართლე.

რა კითხვა უნდა დამესვა [ვატო შაქარიშვილისთვის]. ჩემი აზრით, ან დასაწვენია ან გამოსაკვლევია, რა სჭირს. რა უნდა ვკითხო: მართლა გჯერა, ვატო, ამ ბოდვის-მეთქი?

მოსამართლემ შეიძლება არ იცოდეს ახლა კონკრეტულად რა უნდა დაწეროს, მაგრამ ზუსტად იცის, რომ რაღაც მომენტში ეტყვიან და რასაც ეტყვიან, იმას დაწერს. პირველად ხომ არ აკეთებენ?“ — თქვა სხდომის დასრულების შემდეგ ზურა გირჩი ჯაფარიძემ.


8 პოლიტიკურ ლიდერს დახურულ კარს მიღმა დაჩქარებულ რეჟიმში ასამართლებენ. ბრალდებულები და მათი ადვოკატები განაჩენს ამავე თვის ბოლოს, ან მაქსიმუმ აგვისტოში ელიან. მედიას, საზოგადოებას, არ გვაქვს საშუალება, თავად მოვისმინოთ, დავინახოთ და დავაკვირდეთ სასამართლოს კედლებში განვითარებულ მოვლენებს.

როგორ მოაქცია მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ეს პოლიტიკური და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმე დახურულ კარს მიღმა, წაიკითხეთ აქ: „აბრახუნებენ თქვენთანაც?!“ — ანუ როგორ დაიხურა საზოგადოებისთვის 8 პოლიტიკოსის დევნის საქმე

გახსენებთ, რას ედავებიან ოპოზიციონერ ლიდერებს:

  • მიხეილ სააკაშვილს ედავებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით.
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით.
  • ელენე ხოშტარიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით.
  • მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ბრალდებით.
სრულად წაკითხვა