ორბანი აცხადებს, რომ ზეწოლას განახორციელებს უცხოეთიდან დაფინანსებულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე

3 hours ago 2

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი 15 მარტს გამოვიდა დაპირებით, რომ ზეწოლას განახორციელებს პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას. ამასთან, ორბანმა კიდევ ერთხელ გამორიცხა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უკრაინისთვის. ამ განცხადებებით ორბანმა გააქტიურა თავისი კამპანია მომავალი წლისთვის დანიშნული არჩევნებისთვის - წერს სააგენტო როიტერსი.

ბუდაპეშტში, უნგრეთის ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გამოსვლისას, ორბანმა თქვა, რომ დადგა დრო აღმოიფხვრას აშშ-სგან და ბრიუსელისგან დაფინანსებული ენჯიოების, ჟურნალისტების, მოსამართლეების და პოლიტიკოსების "ჩრდილოვანი არმია". ორბანს მხედველობაში ჰქონდა მისი გეგმა ზეწოლა განხორციელდეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებზე, რომლებიც დაფინანსებას იღებდნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან (USAID) და მილიარდერი ჯორჯ სოროსის ფონდიდან.

"დღევანდელი ზეიმის შემდეგ დგება დიდი სააღდგომო წმენდა, რადგან მწერები ზამთარს გადაურჩნენ" - თქვა ორბანმა. "ჩვენ აღმოვფხვრით მთელ ჩრდილოვან არმიას... რომლებიც იმპერიას უჭერდნენ მხარს ფულისთვის, მათი ქვეყნის საწინააღმდეგოდ" - განაცხადა ორბანმა, მის სიტყვებს როიტერსი ავრცელებს.

ორბანი - რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირეა - არის ინფლაციის პირისპირ, ეკონომიკის ზრდა შენელებულია, ხოლო ახალი ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა მატულობს - რაც მის 15-წლიან მმართველობას მნიშვნელოვან გამოწვევას უქმნის.

ტრამპის გადაწყვეტილებამ 90 დღით გაეყინა USAID-სთვის გამოყოფილი დაფინანსება და დაეთხოვა სააგენტოს თანამშრომელთა უმრავლესობა კიდევ უფრო გააძლიერა ორბანის მხრიდან ზეწოლა უცხოეთის მიერ დაფინანსებულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე.

ორბანი გასულ თვეში აცხადებდა, რომ უნგრეთი შეიმუშავებს კანონპროექტს ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და გამოვალენს უცხოეთის დაფინანსებას, რომელიც უნგრეთის მედიას მიემართება.

მიმდინარე კვირაში ორბანის ფარტია Fidesz-მა წარადგინა საკონსტიცუციო ცვლილებები, რომელშიც ლაპარაკია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების გაძევებაზე იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ ისინი უნგრეთის სუვერენიტეტს უქმნიან საფრთხეს - წერს როიტერსი.

ოპოზიციური პარტია Tisza, რომელსაც სათავეში უდგას Fidesz-ის ყოფილი გავლენიანი წევრი, პეტერ მადიარი, უნგრეთის პოლიტიკურ სივრცეში ერთი წლის წინ გამოჩნდა. ეს პარტია 15 მარტს აქციას მართავს, რომელსაც, გავრცელებული მოლოდინით, შეუერთდება ათი ათასობით მოქალაქე.

ორბანმა - რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უარს აცხადებს კიევისთვის იარაღის გაგზავნაზე და რომელმაც რუსეთთან ახლო კავშირები შეინარჩუნა - კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ბრიუსელი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გაგრძელებისთვის, იმ ფონზე, როცა მომავალ კვირაში ევროკავშირის სამიტია დაგეგმილი.

"ევროპის მმართველებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ ნებისმიერ ფასად უნდა გააგრძელოს ომი, და რომ ის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მიიღებს სანაცვლოდ, ჩვენი ფულის გამოყენებით. ამაზე ჩვენ მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება გვქონდეს - კავშირი, მაგრამ უკრაინის გარეშე" - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

სრულად წაკითხვა