5 მარტს ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩების კვეთაზე, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი საავადმყოფოში დღეს, 6 მარტს გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კლინიკა "ნიუჰოსპიტალში" დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ქალს გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა.
ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩების კვეთაზე, დაღმართზე ტრაქტორი დაგორდა და სამ მანქანას დაეჯახა. მომხდარის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი.
გამოძიება დაიწყო - სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“ გულისხმობს.
ინციდენტი იმ ადგილას მოხდა, სადაც 2023 წლის 21 ნოემბერს სატვირთო ავტომობილის დაგორებას საფეხმავლო გადასასვლელთან მდგარი 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
ბეჟან კალანდაძის ციცაბო აღმართი მანქანებით ხშირად არის გადატვირთული. ასახვევში დამონტაჟებულია შუქნიშანი.
როგორც რადიო თავისუფლება მაშინ წერდა, ქუჩაზე მსუბუქ ავტომობილებთან ერთად ხშირად გადაადგილდებიან მიმდებარე მშენებლობებზე მიმავალი და მშენებლობებიდან მომავალი სატვირთო მანქანები, მათ შორის, ე.წ. ბეტონის შემრევი მანქანები, ასევე, ტრაქტორები.