„თვეების მანძილზე დემოკრატიული უკუსვლის, თვითნებური დაპატიმრებებისა და მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენების შემდეგ, ქართული ოცნება არ აპირებს დაუბრუნდეს ევროპულ გზას და დაიცვას საკუთარი ამომრჩეველის დემოკრატიული მისწრაფებები“, - განაცხადა მინისტრმა სტივენ დაუთიმ.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს იზოლაციონისტური ქცევა“, - აცხადებს ის.
მის განცხადებას ავრცელებს ბრიტანეთის საელჩო საქართველოში მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს დანარჩენი 7 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია) დემოკრატიის დამცველის ჯილდო გადასცა.
„საია არსებით დახმარებას უწევს ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საქართველოში, რომლებიც რეპრესიული კანონმდებლობის მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან“, - განაცხადა მინისტრმა დოუთიმ.
„მადლობას ვუხდი საიას ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მნიშვნელოვან საქმეში“, - თქვა მან.
„დემოკრატიის დამცველის ჯილდო“ 2016 წელს დაარსდა და გადაეცემა იმ ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან დემოკრატიის პოპულარიზაციით და ადამიანის უფლებების დაცვით.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 აპრილს სანქცირებულთა სიას, სხვებთან ერთად, ლევან მურუსიძე და მისი კოლეგა, მიხეილ ჩინჩალაძე დაამატა.
- ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა, - ბრიტანეთის თანახმად, მასთან დაკავშირებით არსებობს გონივრული ეჭვი, რომ გარეული იყო კორუფციულ გარიგებებში.
- ლევან მურუსიძე კი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. სანქციების დაწესების საფუძვლად მის შემთხვევაშიც მითითებულია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ მურუსიძე ჩართული იყო და არის კორუფციულ გარიგებებში.
სანქციები, ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, ითვალისწინებს „ამ პირებისა და მათ საკუთრებაში ან მათ კონტროლქვეშ არსებული კომპანიების აქტივების დაყადაღებას“, ყადაღა კი შეეხება „მათ [საბანკო] ანგარიშებს, სხვა საშუალებებსა და ეკონომიკურ რესურსებს“.
ამასთან, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
წინადადებას, რომელიც 13 იანვარს წარადგინა თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ, 8 აპრილისათვის 27 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავს.
ჯეიმს მაკკლიარიმ 8 აპრილს რადიო თავისუფლებას განუცხადა: „გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ივანიშვილს უკვე გაუტყდა ძილი. უკვე შიშობს, რომ შეიძლება გაიღვიძოს და აღმოაჩინოს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ მას და მის აქტივებს სანქციები დააკისრა“.