„ქართული ოცნება“ მაუწყებლების უცხოეთიდან დაფინანსებას კრძალავს, რაც ისედაც კრიზისში მყოფი კრიტიკული ტელევიზიების მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.
როგორც კრიტიკული ტელევიზიების წარმომადგენლები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მათ შემოსავლებში უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება უმნიშვნელოა, „ოცნების“ რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები მათ უსპობს შესაძლებლობას, რომ დახურვის პირას მისულმა მაუწყებლებმა სამომავლოდ გადარჩენა დონორების დახმარებით შეძლონ.
რას კრძალავს „ოცნება“
ტელევიზიებისა და რადიოებისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვას მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა.
„ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი ცვლილებებით „აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
ასევე, „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება“.
„ოცნების“კანონპროექტი უცხოურ ძალად განსაზღვრავს:
- უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
- ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
- იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული;
- ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული“.
როგორც ცვლილებების ავტორად მითითებული „ოცნების“ დეპუტატები კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნავენ, უცხოური ძალისგან მაუწყებლის დაფინანსება უნდა შეიზღუდოს, რადგან:
„მაუწყებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობს და შეუძლია მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა, შესაბამისად, საჭიროა საკანონმდებლო დონეზე შეიზღუდოს მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღება“.
„ეს არის საკონტროლო გასროლა“
კრიტიკული ტელევიზიების წარმომადგენლები, აცხადებენ, რომ უცხოური დონორები სამაუწყებლო მედიას აქამდეც ისედაც ნაკლებად ეხმარებოდნენ და შესაბამისად, მათ შემოსავლებში უცხოეთიდან მიღებული ფინანსების წილი ძალიან მცირე იყო.
თუმცა მას შემდეგ, რაც ევროკავშირში წამოიჭრა წინადადება, რომ საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი 100 მილიონი ევროს დახმარება სამოქალაქო საზოგადოებას გადაეცეს, გაჩნდა თეორიული შანსი, რომ ამ თანხის ნაწილი ტელევიზიებზეც მიემართათ.
ამიტომ ახლა კრიტიკული ტელევიზიების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებებს წინმსწრებად იღებს.
როგორც „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი თარგამაძე ნეტგაზეთთან ამბობს, „ქართული ოცნება” ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს თუნდაც იმ თეორიულ შესაძლებლობას, რომელიც კრიტიკულ ტელევიზიებს შეიძლება ჰქონოდათ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის კუთხით.
„ეს არის საკონტროლო გასროლა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი კრიტიკული ქართული მაუწყებლებისთვის. ცვლილებების ამ მართლა დრაკონული კანონპროექტით, ფაქტობრივად, სამიზნეში არის ამოღებული ყველა შესაძლო პოტენციური რესურსი, რომელმაც შეიძლება წვეთოვანის მხარდაჭერის პერსპექტივა შეუნარჩუნოს ტელევიზიებს, რომლებიც ისედაც სულს ღაფავენ ფინანსური თვალსაზრისით“, – აცხადებს გიორგი თარგამაძე.
გიორგი თარგამაძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ მაუწყებლებს არ დაარტყამს. მისი თქმით, ეს უცხოური დაფინანსების მოპოვებას ტელევიზიის მიღმა არსებულ სუბიექტებსაც გაურთულებს. ვინაიდან, მისი თქმით, ირიბი დაფინანსების აკრძალვა ნიშნავს, რომ აიკრძალება მაუწყებლების მიღმა მომზადებული მასალების მათ ეთერში განთავსება.
„როცა დონორი ე.წ. სტუდიებს, ჟურნალისტურ საგამოძიებო ჯგუფებს ან ცალკეულ ჟურნალისტებს აძლევდა გრანტს კონკრეტული მიმართულებებით, ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი იყო პერსპექტივა, რომ მათი განთავსება მოხერხდებოდა დიდ ტრადიციულ მედიებში, როგორიც არის ტელევიზია. შესაბამისად, თუ კანონმდებლობით ამ პერსპექტივასაც ჩაკეტავენ, თვითონ ამ ჟურნალისტური აქტივობებისთვის და ტელევიზიის მიღმა არსებული სუბიექტებისთვისაც კიდევ უფრო გართულდება ამ ფინანსების და გრანტების მოპოვება“, – აცხადებს გიორგი თარგამაძე.
ტელეკომპანია „კავკასიას“ დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით „ქართული ოცნება“ ტელევიზიებს არამხოლოდ უცხოურ გრანტებს, არამედ უცხოელებთან თითქმის ყველა სახის ურთიერთობას უკრძალავს. რითაც, მისი თქმით, „ოცნება“ ისედაც სიკვდილის პირას მისულ ტელემაუწყებლებს ეუბნება, რომ უნდა მოკვდნენ.
„ქართულმა ოცნებამ“ თეორიულად დაუშვა, რომ ამ მომაკვდავებს ვინმემ შემთხვევით წყალი არ გაუწოდოსო. ამ ყველაფერს ტელემედიის გასანადგურებლად აკეთებენ.
ამ კანონის მიხედვით მარტო გრანტი კი არ გვეზღუდება, მე მგონი, საერთოდ უცხოელმა ყავაზე რომ დამპატიჟოს, ისიც მეკრძალება. ერთადერთი კომერციული რეკლამა და ტელეშოპინგი შემიძლია მივიღოთ. ალბათ, ეს „იმედმა“ უთხრა, რომ მთლად ყველაფერი არ აკრძალოთ, თორემ საერთაშორისო რეკლამებიც რომ აგვეკრძალოს, საერთოდ რა დარჩება?! მაგრამ მე მეკრძალება ნებისმიერ უცხოელს, მაგალითად, კამერა მივაქირაო ან რამე დამიკვეთოს, ან ვიღაცას ოფისი მივაქირაო – ასეთი პრეცედენტებიც ყოფილა, რომ უცხოელი ჟურნალისტები აქ მუშაობენ და შენ ეხმარები… ყველაფერი გვეკრძალება აბსოლუტურად“, – ამბობს ნინო ჯანგირაშვილი ნეტგაზეთთან.
„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძეც ამბობს, რომ მათი ტელევიზიის შემთხვევაშიც უცხოურ დაფინანსებას ძალიან მცირე წილი ჰქონდა და დიდ გრანტებს არასოდეს იღებდნენ.
მისი თქმით, ის ძალიან მცირე უცხოური დახმარებაც ძირითადად ტექნიკური მხარდაჭერის გრანტები იყო. „ქართული ოცნების“ კანონპროექტით კი ტელევიზიებს ასეთი სახის დახმარების მიღებასაც უკრძალავს.
„ასეთი იყო, მაგალითად, სპეცრაზმი რომ კამერებს დაამტვრევდა, იმ კამერის რაღაც ნაწილის მაინც ჩანაცვლება ან ტექნიკური აღჭურვილობის გრანტები.
ამის მიზანი რა არის ძალიან ცხადია – მოიგუდოს მედია, რომელსაც არ შეიძლება არ ჰქონდეს წვდომა დაფინანსებაზე, რომელიც ამ კრიზისში მყოფმა შეიძლება დონორებისაგან მიიღოს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ სახელისუფლებო წნეხის გამო უკიდურესად გართულებული არის განსაკუთრებით სატელევიზიო მედიის ოპერირება, რადგან ეს ონლაინმედიისგან განსხვავებით, კოლოსალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამას სჭირდება ძალიან დიდი გენერალური ხარჯები. მარტო მაუწყებლობის ხარჯი, რომ მთელს საქართველოში იყო, სატელიტზე იყო, ყველა წერტილიდან სიგნალს იღებდე და მაყურებლამდე მიგქონდეს, ეს არის ძალიან დიდ ხარჯებთან დაკავშირებული“, – ამბობს ნოდარ მელაძე ნეტგაზეთთან.
მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს რუსული კანონის გაგრძელებად მიიჩნევს „მთავარი არხის“ იურისტი თამთა მურადაშვილი.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ცვლილებების მიზანი ტელევიზიებისთვის დაფინანსების წყაროს შეწყვეტაა, ეს ასევე ემსახურება „ქართული ოცნების“ დღის წესრიგს – დასავლელი დონორების აკრძალვას.
„ჩვენ ისედაც არ გვქონდა [უცხოური დაფინანსება], რადგან უცხოური დონორები სამაუწყებლო მედიას ნაკლებად ეხმარებოდნენ. თუმცა ბოლო პერიოდში, როცა წნეხი გაიზარდა, ასახიჩრებდნენ ჟურნალისტებს და არაერთ მედიას ტექნიკა დაუმტვრიეს, დაიწყო საუბარი, რომ რაღაც დახმარება წამოსულიყო. თუმცა, ალბათ, ამ წამოწყებასაც აღარ ექნება გაგრძელება ამ კანონის გამო“, – ამბობს თამთა მურადაშვილი ნეტგაზეთთან.
„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი, ნათია კუპრაშვილი ყურადღებას ამახვილებს სოციალური რეკლამის გაყიდვის აკრძალვაზე. მისი თქმით, ეს შემოსავლის კიდევ ერთ წყაროს უკეტავს განსაკუთრებით რეგიონულ მაუწყებლებს.
როგორც ის ნეტგაზეთთან ამბობს საგრანტო მხარდაჭერა რეგიონულ ტელევიზიებში მნიშვნელოვანი არ იყო და დაახლოებით, 5%-ს შეადგენდა მათი ალიანსის ტელევიზიების საერთო რაოდენობის მიხედვით.
თუმცა ნათია კუპრაშვილის თქმით, სოციალური რეკლამისგან მიღებული შემოსავალს რეგიონული ტელევიზიებისთვის მნიშვნელოვანი წილი ჰქონდა. ამიტომ მისი თქმით, თუ რეგიონული ტელევიზიები სოციალურ რეკლამას ვეღარ გაუშვებენ, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ კეტავენ შემოსავალს.
„ბოლო პერიოდში, ჩემი აზრით, დონორებსაც არ ჰქონდათ სწორი პოლიტიკა და რეგიონულ ტელევიზიებს აღარ ეხმარებოდნენ. ჩვენ ამ კრიზისს ისედაც დიდწილად ამ მხარდაჭერის გარეშე შევხვდით, მაგრამ ე.წ. უცხო ძალის ნაწილი ამ ახალ ვერსიაში არ ეხება მხოლოდ საგრანტო დაფინანსებას. სოციალური რეკლამის მიღმა სპონსორობა იქნება, პროდაქტ-ფლეისმენტი (პროდუქტის განთავსება), რეკლამა თუ სხვა სახის მომსახურების შესყიდვა იქნება, მხოლოდ მატერიალურ მხარეს არ ეხება. პირდაპირ წერია, რომ საუბარი არის არამატერიალურ ურთიერთობაზე, რაც განსაკუთრებით პრობლემური არის რეგიონული მაუწყებლებისთვის, რადგან ჩვენ კონტენტის ქოპროდაქშენები (თანაწარმოება) გვქონდა არაერთ ძალიან კარგ დასავლურ ტელემედიასთან და აქტორთან. ჩვენთვის განსაკუთრებით პრობლემური არის ეს ნაწილი.
სოციალური რეკლამის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ პირდაპირ კეტავენ შემოსავალს. ოღონდ ეს არ არის მხოლოდ უცხოურ დაფინანსებაზე შეზღუდვა, უცხოური იქნება თუ საშინაო, ყველას უკრძალავენ, რომ მიყიდონ სოციალური რეკლამა“, – აცხადებს ნათია კუპრაშვილი.
ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია რა პოზიცია ჰქონდათ ტელეკომპანია „იმედში“, რომლის მფლობელი ირაკლი რუხაძე ამერიკის მოქალაქეა და „ოცნების“კანონპროექტი მასაც უცხოურ ძალად განსაზღვრავს. „იმედის“გენერალურ დირექტორმა მაკა ლომიძემ გვითხრა, რომ მათთვის კითხვებით ოფიციალურ ელფოსტაზე გაგვეგზავნა. თუმცა ჯერჯერობით „იმედის“ მენეჯმენტისგან პასუხი არ მიგვიღია.
ნეტგაზეთმა ასევე სცადა „რუსთავი 2-ის“ დირექტორ ვაკო ავალიანს დაჰკავშირებოდა, თუმცა მან ჩვენს ზარსა და შეტყობინებას არ უპასუხა.
რა გამოსავალი რჩებათ ტელევიზიებს?
წლებია კრიტიკული ტელევიზიები ჩივიან, რომ ხელისუფლების წნეხის გამო მათთან ბიზნესს რეკლამები არ მიაქვს. კრიტიკულ ტელევიზიებს რეკლამას სახელმწიფოც არ უკვეთავს. შესაბამისად, ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი ძირითადად პროსამთავრობო არხებზე ნაწილდება.
კომუნიკაციების კომისიის ბოლო ინფორმაციით, რომელიც 2024 წლის IV კვარტლის მონაცემებს ასახავს, ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 24 მილიონი ლარი შეადგინა.
ტელევიზიებისთვის 2024 წლის IV კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 74.4%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 12.9% – სპონსორობამ, ხოლო 12.7% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.
კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი ბოლო მონაცემებითაც, ისევე როგორც წინა წლებშიც, „იმედს“ ჰქონდა.
2024 წლის IV კვარტალში სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლები ასე განაწილდა:
- „იმედი“ – 7.9 მილიონი ლარი
- „რუსთავი 2“ (მედია ჰოლდინგი) – 3.5 მილიონი ლარი
- „მთავარი არხი“ – 2.1 მილიონი
- „პოსტვ“ – 1.9 მილიონი ლარი
- „ტელეკომპანია პირველი“ – 1.5 მილიონ ლარი
- „ფორმულა“ – 1 მილიონი ლარი.
კრიტიკული ტელევიზიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში არსებული კრიზისის გამო რესურსების ოპტიმიზაცია ისედაც დაწყებული ჰქონდათ და ფაქტობრივად, ფუნქციონირებას დარჩენილი თანამშრომელთა ენთუზიაზმის ხარჯზე აგრძელებდნენ.
„ბოლო ორი წელია არ ვიცი საერთოდ როგორ ვარსებობთ. ვარსებობთ იმით, რომ რამდენიმე ენთუზიასტი არის შემორჩენილი ტელევიზიაში. მე ჩემს ტელევიზიაში უხელფასოდ ვმუშაობ და ასე ვარსებობთ, თორემ ყველა ლოგიკით ჩვენ აქამდე დახურულები უნდა ვიყოთ. რაღაცნაირად ვინარჩუნებთ არსებობას, აქამდე იმედი გვქონდა, რომ იქნებ გამოსწორდეს ქვეყანაში სიტუაცია. როგორც კი ქვეყანაში დემოკრატია უკან მიდის, პირადად ჩვენი მედიის საქმე მიდის ძალიან ცუდად. იმიტომ, რომ რეკლამა პრაქტიკულად გამორიცხულია და ყველანაირი სხვა შემოსავალი“, – აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.
„მთავარი არხის“ იურისტის, თამთა მურადაშვილის განცხადებით, სარეკლამო სექტორი ისედაც არაგანჭვრეტადი იყო და ამ წნეხის ფონზე კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება როგორ შეიძლება მედიამ ფუნქციონირება გააგრძელოს.
„ალბათ, ისევ შემცირებული ხარჯებით და რესურსებით. ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, ამიტომ სანამ გვაქვს ძალა და შეგვიძლია მუშაობა, რა რესურსებიც იქნება, იმ რესურსებით შევძლებთ, რომ ვემსახუროთ საზოგადოებას, რაც რთული იქნება. ეს სირთულეებიც იმიტომ არის, რომ მედიები თავად დაიღუპონ და ფინანსური მდგრადობისთვის ძირის გამოთხრით ე.წ. ხელისუფლება შეეცდება, რომ მიზანს მიაღწიოს. გარდა იმ ძალადობისა და წნეხისა, რასაც განიცდის მედია, დამატებით კიდევ უფრო ხელს შეუწყობს იმას, რომ მედიები დაიხუროს“, – აცხადებს თამთა მურადაშვილი.
გიორგი თარგამაძის თქმით, ერთადერთი შესაძლებლობა ისედაც ძალიან მწირი, მაგრამ ადგილობრივი რესურსების მობილიზებაა ქართული კრიტიკული მაუწყებლობის გადასარჩენად.
„რა თქმა უნდა, სრული ოპტიმიზაცია, რომელიც ჩვენს შემთხვევაში ისედაც სახეზეა. შემცირებების რამდენიმე ტალღა გვქონდა და მინიმუმზეა დაყვანილი ის ოპერატიული ხარჯები, რომლითაც შეიძლება ტელევიზიამ შეძლოს ტექნიკური ფუნქციონირება, ამის იქით, უბრალოდ, შეუძლებელია. ყველა რესურსი უკვე ამოწურულია. ერთ-ერთი მცდელობა არის, მათ შორის, ქართული ბიზნესის ნაწილის მოწადინება და სპეციალური ფონდის შექმნა. თუმცა რამდენად იქნება ეს საკმარისი არხის ფუნქციონირების მინიმალური მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ ის, რითაც, დღეს ჩვენი არხი ფუნქციონირებს, ეს არის ფაქტობრივად აქ დარჩენილი თანამშრომლების ამოუწურავი ენთუზიაზმი, მაგრამ ამოწურვადი ვალდებულებები, რომელიც მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას სჭირდება და ამ მხრივ, უმძიმესი მდგომარეობაა“, – აცხადებს გიორგი თარგამაძე.
ე.წ. ბრიტანული სტანდარტი თუ პოლიტიკური ცენზურა?
გარდა უცხოური დაფინანსების აკრძალვისა, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონს ეხება, კომუნიკაციების კომისიის მანდატს ზრდის.
„ოცნების“ კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებათა შორისაა:
- ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) იზღუდება პოზიციის გამოხატვა;
- პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება. პასუხი უნდა გაშუქდეს სამართლიანად და ზუსტად;
- კანონით განისაზღვრება ყველა ის შემთხვევა, რა დროსაც ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა გამართლებულია; დამატებით განისაზღვრება კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ფარული ჩაწერის სტანდარტი.
- განისაზღვრება შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევების, საგანგებო ვითარების გაშუქებისას ზუსტი და სარწმუნო ინფორმაციის გადაცემის სტანდარტი და ა.შ.
კრიტიკული ტელევიზიების წარმომადგენლების განცხადებით, ე.წ. ბრიტანული სტანდარტის საფარქვეშ „ოცნება“ ცდილობს, რომ სისტემის ხელში გადავიდეს პოლიტიკური ცენზურის წარმოება.
მათ მიაჩნიათ, რომ ამ ცვლილებებით სისტემას სამართლებრივი და რეგულატორის მექანიზმები დაემატება, რომელიც შინაარსში ჩარევას კანონიერს გახდის ბრიტანული სიტუაციისგან აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში.
„ცალკე აღებული კანონი ან რეგულაცია შესაძლოა იყოს იდეალური სხვა ქვეყანაში როცა მოქმედებს, მაგრამ მთავარი არის კანონს როგორ და სად აღასრულებს მმართველი რეჟიმი. ქვეყანაში, სადაც დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს, ნებისმიერი მსგავსი კანონი არის რეპრესიული და მიზანი არის მედიის შეზღუდვა“, – აცხადებს ნოდარ მელაძე.
ნინო ჯანგირაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ უკვე ისეთ ფაზაშია შესული კანონში „ერთი უბედურებით მეტს ჩაწერს თუ ნაკლებს“ აზრი აღარ აქვს. თუმცა მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები არც პროსამთავრობო ტელევიზიებისთვის უნდა იყოს მისაღები.
„მაგალითად, მე რომ მომთხოვენ ფაქტი და მოსაზრება გავმიჯნო, რასაც ისედაც ვმიჯნავ და პასუხის უფლება უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანსო, „იმედზე“ რა იქნება? ძალიან მაინტერესებს რას უზამენ შალვა რამიშვილს, რომელიც დედას იგინება ეთერში?! „ქართული ოცნების“ ადგილზე ასე თამამად არ მივიღებდი ამ ცვლილებებს, რადგან მაგათ მედიებს მოეკითხებათ პირველ რიგში. თუმცა უკვე ისეთ ფაზაში შევდივართ, არავის არაფერი აღარ მოეკითხება. „ხარება“ და კახა ბექაური უკვე ერთი და იგივეა. „ხარებას“ ქვეყანაა ეს და უბრალოდ, კანონი ფორმალურად სჭირდებათ“, – აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.
ე.წ. ბრიტანული სტანდარტის დამკვიდრებას თვითცენზურის გაძლიერების მექანიზმად ხედავს ნათია კუპრაშვილი. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია ჟურნალისტები დააფრთხონ და არავის აღარ მოუნდეს ამ სფეროში მუშაობა.
„თორემ თუ შინაარსობრივად უნდათ, ახლაც ისეთი კანონები აქვთ მიღებული, თავისუფლად დაგვხურავენ ნებისმიერ წუთში.
„ქართული ოცნება“ არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გამოსაჩენად დაგხურავს, შენ თვითონ უნდა მოკვდე – ეს არის მათი პოლიტიკა. თვითონ არ მოგკლავენ, უნდა მოიგუდო და გადაშენდე. ამიტომ დიდად არ ვდარდობ რას წერენ და მერე რას კითხულობენ“, – აცხადებს ნათია კუპრაშვილი.
„ქართული ოცნების“ მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებათა პაკეტს კრიტიკულად უარყოფითად აფასებენ მესამე სექტორშიც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) განცხადებით, ცვლილებები უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილ გამოხატვის თავისუფლებას.
ორგანიზაციის შეფასებით, პირველი მათგანის ამოცანაა გადაუჭრას კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას საერთაშორისო დონორების მხრიდან დაფინანსების საშუალებები იმ პირობებში, როდესაც სარეკლამო ბაზრის ობიექტური სიმცირისა და სხვა ფაქტორების გამო მხოლოდ სარეკლამო შემოსავლების ხარჯზე კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას არსებობის შენარჩუნება გაუჭირდება.
ხოლო რაც შეეხება „ე.წ. ბრიტანულ სტანდარტის დამკვიდრებას“, TI-ის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებების ამოცანაა გააფართოოს და უფრო შემზღუდველი გახადოს დამოუკიდებელ სამაუწყებლო მედიაზე კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციული ზემოქმედების შესაძლებლობები, რაც საბოლოო ჯამში, საფრთხეს ისევ კრიტიკული მედიის ფინანსურ მდგრადობას შეუქმნის.