„ოცნების“ წყენა აქციებისას გადამდგარი ელჩის დასაქმების გამო, საამიროების „მეგა პროექტი“ თუ ბაჩიაშვილი - პოლოლიკაშვილი vs „ოცნება“

4 hours ago 2

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენ. მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ვრცლად საუბრობს „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო კონფლიქტზე, ამბობს, რომ მხარდაჭერის გაუქმების შესახებ ორი დღის წინ გაიგო ემირატების წარმომადგენლისგან და მისადმი „ოცნების“ წყენას გადამდგარი ელჩის თავისთან დასაქმებას უკავშირებს.

ზურაბ პოლოლიკაშვილი ამბობს იმასაც, რომ კვლავ არ იცის მთავრობის მხრიდან მისადმი მხარდაჭერის გაუქმების მიზეზი, ან „რაში გაცვალეს“, თუმცა ვარაუდს გამოთქვამს.

  • პოლოლიკაშვილს, რომელიც 2017 წლიდან ორი ვადით იყო UNWTO-ს გენერალური მდივანი, უფლებამოსილების მეორე ვადა წელს ეწურება;
  • იგი მესამედ გეგმავდა კენჭისყრას, კამპანიაც დაწყებული ჰქონდა და მისი თქმით, მხარდაჭერაც მობილიზებული ჰქონდა, როდესაც მოულოდნელად „ქართული ოცნების“ მთავრობამ მისი კანდიდატურა უკან გაიწვია.

 პოლოლიკაშვილი (მარცხნივ) და კობახიძე. 2024 წლის 29 სექტემბერი.

ფოტოზე: პოლოლიკაშვილი (მარცხნივ) და კობახიძე. 2024 წლის 29 სექტემბერი.

„შემთხვევით გავიგე“

ზურაბ პოლოლიკაშვილთ თქმით, მისი კანდიდატურის გამოწვევის საკითხი, - როგორც აღმოჩნდა, - „მზადდებოდა სადღაც თვე-ნახევრის წინ“, ხოლო მან ამის შესახებ გუშინწინ 13 მაისს, გაიგო:

„შემთხვევით ვიყავი დიდ მიღებაზე, სადაც იყო ძალიან ბევრი მინისტრი და არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრმა და დელეგაციამ გააჟღერა იქ საჯაროდ, ხალხნო, თქვენო ძაან გთხოვთ, ხმა მოგვეცით იმიტომ, რომ ხვალ საქართველოს მთავრობა გაიტანს ზურას კანდიდატურასო. მოდიოდნენ მინისტრები გაოგნებულები და მეკითხებოდნენ, რა ხდება, მართალია თუ არ არის მართალიო. აქედან გავიგე მე საერთოდ“.

პოლოლიკაშვილის თქმით, მან დაზუსტებით ამ დრომდე არ იცის გადაწყვეტილების მიზეზი, - რის გამოც ცდილობდა ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებას და „გარკვევას“. ამ ყველაფერზე მან ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ყოფილი ელჩის ფაქტორი

ზურაბ პოლოლიკაშვილი ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ნახსენები უკმაყოფილება მისი ფიგურისადმი, - რის შესახებაც პარტიას ვრცლად არ უსაუბრია და მხოლოდ მიანიშნებდა, - უკავშირდება ჩეხეთში ყოფილ ელჩს, თეა მაისურაძეს.

  • „რომ ურეკავენ თავის დროზე საქართველოდან თვეებით ადრე სხვადასხვა თემაზე და, მაინც, ბოდიში და, ფეხებზე იკიდებს, მაშინ უნდა იფიქროს, რომ სახვეწრად გაუხდება საქმე“, - თქვა 15 მაისს „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პოლოლიკაშვილზე. დეტალები არ დაუზუსტებია.
  • „ვიღაცებს აქვთ ამის აღქმა, რომ შეიძლება თავში ჩაარტყან ხელისუფლებას და იქიდან რეაქციაც არ უნდა მიიღონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, თავში ჩარტყმას, თავში ჩარტყმით არ ვუპასუხებთ, მაგრამ ასეთ ქმედებებზე ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს“, - თქვა დღესვე ირაკლი კობახიძემ. „თავში ჩარტყმაში“ რას გულისხმობდა, არ განუმარტავს.

რადიო თავისუფლება წერდა, რომ პოლოლიკაშვილის გუნდში რამდენიმე თვის წინ მუშაობა დაიწყო საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩეხეთში, თეა მაისურაძემ, - რომელმაც დიპლომატიური სამსახური 2024 წლის დეკემბერში დატოვა, საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისა და თბილისში პროევროპულ, ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეებზე მასობრივი ძალადობის ფონზე.

დღეს საღამოს, 15 მაისს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში ზურაბ პოლოლიკაშვილმა სწორედ თეა მაისურაძის ფაქტორზე ისაუბრა და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მესვეურები დაჟინებით სთხოვდნენ, მოეხსნა.

„არის ასეთი ადამიანი, თეა მაისურაძე, რომელიც იყო ჩეხეთში ელჩი. ჩემი არჩევნებიდან გამომდინარე, მე თვითონ გადავწყვიტე და ავიყვანე ხელშეკრულებით, რამდენიმე თვით რომ დამხმარებოდა კამპანიის პროცესში“, - თქვა პოლოლიკაშვილმა.

ყოფილი ელჩი ჩეხეთში, თეა მაისურაძე

ყოფილი ელჩი ჩეხეთში, თეა მაისურაძე

„თხოვნა არ იყო, ძალიან კატეგორიული მითითება იყო [„ქართული ოცნებისგან“], რომ მე თეა სასწრაფოდ მომეხსნა თანამდებობიდან“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

„ძალიან მარტივად და წყნარად … ავუხსენი, რომ არ გამოვიდოდა მოხსნა ასე უცბად, ერთ დღეში, მოეცა ჩემთვის საშუალება და მემუშავა ამ ადამიანთან, რომელიც რვა წელი, მთელი ჩემი არჩევნების დროს, მეხმარებოდა ამ პროცესში“, - თქვა მან.

„ძალიან მარტივად და წყნარად … ავუხსენი, რომ არ გამოვიდოდა მოხსნა ასე უცბად, ერთ დღეში, მოეცა ჩემთვის საშუალება და მემუშავა ამ ადამიანთან, რომელიც რვა წელი, მთელი ჩემი არჩევნების დროს, მეხმარებოდა ამ პროცესში“.

შემდეგ, მისი თქმით, ამაზე, „ისტერიკა ატყდა“:

„ნუ, ამაზე, რაღაცა, ისეთი ისტერიკა ატყდა, როგორც დღეს დილით ატყდა. ამის შემდეგ თეამ, - შეგნებული ადამიანია - რომ დაინახა, რომ ასეთი პანიკა იყო, თვითონ, თავისი ინიციატივით თქვა, ზურა გავიწევი, ოღონდ შენ შენს საქმეს არ გავუფუჭო რამეო და აღარ მუშაობდა ჩემთან“.

  • თეა მაისურაძე, - რომელიც, მედიაში გავრცელებული ცნობებით, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახთან დაახლოებული იყო, - საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში 2006 წლიდან მუშაობდა.
  • „საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული ვრჩები!“, - დაწერა მან 2 დეკემბერს სოციალურ ქსელ X-ზე. ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია.
  • ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ 3 დეკემბერს, ნატოს მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მხარს უჭერს თეა მაისურაძეს და მომხდარის მიზეზი არის ის, რომ „საქართველო ევროპულ გზას შორდება“.

„ბაჩიაშვილი“? „დიდი პროექტი“ - „რაში გაცვალეს“?

ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გაწვევის ამბავი თავდაპირველად საჯაროდ წყაროებზე დაყრდნობით 13 მაისს გაავრცელა ესპანურმა ონლაინგამოცემა The Diplomat-მა.

გამოცემა ამ ამბავს აფასებდა „შოკისმომგვრელ პოლიტიკურ მანევრად“ და წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევისთვის მხარდაჭერის ნაცვლად საამიროების კანდიდატისთვის მხარდაჭერა, შესაძლოა, ფარული შეთანხმების ნაწილი იყოს.

ზურაბ პოლოლიკაშვილი „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვს განმარტებას, რაში „გაცვალეს“ კანდიდატურა. მისი პირველი გამოხმაურება ასეთი იყო:

„კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს. სამი კვირაა და მეტი, ვწერ, ვურეკავ და იმალება. გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა“, - განაცხადა მან და ოცნების“ მესვეურებს „დიპ ვირთხებს“ უწოდა (ალუზია შეთქმულების თეორიაზე „დიპ სტეიტის“ შესახებ).

დღეს პოლოლიკაშვილმა თქვა: „თუ შენდება რაღაცა მეგა პროექტი, მე ამას შეგნებით მივუდგებოდი და ჩემთვის ჩემი თანამდებობა არ არის იმის ფასი, რომ რაღაც დიდი კეთდებოდეს ჩემი ქვეყნისთვის, ამაზე ერთი ამბავი ამეტეხა. ნორმალურად შეიძლებოდა ამისი ახსნა“.

  • 2025 წლის იანვარში კობახიძის საამიროებში ვიზიტისას განაცხადა, რომ ემირატების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, EMAAR ჯგუფი განახორციელებს საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიციას - თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტს ააშენებს.

დღეს ზურაბ პოლოლიკაშვილის ფორმულას წამყვანებმა ჰკითხეს, საფუძვლიანად მიაჩნია თუ არა მოსაზრება, რომ საამიროების კანდიდატის მხარდაჭერის სანაცვლოდ პოლოლიკაშვილის გაწვევა უკავშირდებოდეს ქვეყნიდან გაქცეული გიორგი ბაჩიაშვილის, - ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფინანსისტის - „გამოვაჭრებას“.

„ჭორაობა არ მინდა, მე არ ვიცი ვისში, რაში გამცვალეს და მაგას ვკითხულობ, - რატომ გაცვალეს? ბაჩიაშვილის [გადმოცემაში] თუ მე მცვლიან, არ ვიცი, ეგ კიდე ცალკე უბედურებაა, მე რომ მკითხოთ, - თუ ეს ასე ხდება. რას ჰქვია, ახლა იქ ადამიანს თუ რაღაცა პრობლემას უქმნიან… არასერიოზული იქნება ახლა ამაზე მე რომ რამე კომენტარი გავიკეთო. უბრალოდ, თუ ეს არის მართლა მიზეზი და ვინმე ამას ადასტურებს, ნუ, რა ვიცი, მაშინ საერთოდ უბედურებაში ვყოფილვართ“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

  • გიორგი ბაჩიაშვილის ადგილსამყოფელი საჯაროდ დაუზუსტებელი და უცნობია;
  • ბაჩიაშვილს, - რომელმაც ქვეყანა 2 მარტს „ტოიოტა ქამრით“ მალულად დატოვა სომხეთის საზღვრის გავლით, - 11-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ბიძინა ივანიშვილის საჩივრის საფუძველზე „კრიპტოვალუტების საქმესთან“ დაკავშირებით, - რასაც ბაჩიაშვილი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს;
  • ბაჩიაშვილის შესახებ ბოლო საჯარო განცხადებაში მისი ადვოკატი რობერტ ამსტერდამი „ორი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოებზე დაყრდნობით“ ამბობდა, რომ ბაჩიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა 15 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლოლიკაშვილის მხარდაჭერის გაუქმება „არაფერ კავშირში არ არის არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლის მხარდაჭერასთან“.

„ჯერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ. არავითარი კავშირი არ არის ამ ორ მოვლენას შორის“, - განაცხადა მან.

სრულად წაკითხვა