ორშაბათს პარიზის სასამართლომ საფრანგეთის მემარჯვენე რადიკალი პოლიტიკოსი მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნო ევროკავშირის ფონდების მითვისებაში. შესაძლებელია, ამან მას ხელი შეუშალოს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაში.
სასამართლო დღეს მოგვიანებით გამოაცხადებს ლე პენისთვის გამოტანილ სასჯელს. რადიკალური მემარჯვენე „ნაციონალური გაერთიანების“ ლიდერი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
პროკურატურამ მოითხოვა, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ლე პენის დაუყოვნებლივ დაპატიმრება ხუთი წლით, აპელაციის უფლების გარეშე. მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, დაეთანხმებიან თუ არა პროკურატურის მოთხოვნას.
ადრე ლე პენმა განაცხადა, რომ 2027 წელს ის უკანასკნელად მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. საფრანგეთის პარლამენტში ის ადგილს შეინარჩუნებს.
სასამართლოში ლე პენმა პროკურორებს ბრალი დასდო, რომ ისინი მის „პოლიტიკურ სიკვდილს“ ესწრაფვიან. მისი თქმით, ესაა ნაწილი შეთქმულებისა, რომლის მიზანია „ნაციონალური გაერთიანება“ არ დაუშვას ხელისუფლებაში.
ლე პენსა და „ნაციონალური გაერთიანების“ ოცზე მეტ ლიდერს ბრალი დასდეს, რომ ისინი ევროპის პარლამენტის ფონდებს ბოროტად იყენებდნენ და უკანონოდ ურიცხავდნენ ფულს საკუთარი პარტიის წევრებს.
მოსამართლის თქმით, გამოძიებამ აჩვენა, რომ ეს არ იყო ადმინისტრაციული შეცდომები. საქმე გვაქვს თანხების მითვისებასთან „სისტემის ფარგლებში, რომელიც მოქმედებდა პარტიის ხარჯების შემცირების მიზნის“.