პარიზში მიმდინარეობს შეხვედრები ევროპის წამყვანი ქვეყნების, აშშ-ისა და უკრაინის მაღალჩინოსნებს შორის. განიხილება რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების საკითხი. შეხვედრების ამ სერიას წინ უძღოდა 11 აპრილს სანკტ პეტერბურგში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლის სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის გამართული მოლაპარაკებები.
16 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი სტივ უიტკოფი გაემგზავრნენ პარიზში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად.
უკრაინის მხარეს პარიზში წარმოადგენენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი იერმაკი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. ანდრიი იერმაკის თანახმად, უკრაინის დელეგაცია უკვე შეხვდა დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებს: „ვიმსჯელეთ ცეცხლის შეწყვეტასა და უსაფრთხოების გარანტიებზე“, - წერს იერმაკი X-ზე.
არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ჩაერთვება მასპინძელი ქვეყნის - საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ბრიტანეთს წარმოადგენს მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონათან პაუელი, გერმანიას კი კანცლერ ოლაფ შოლცის უფროსი მრჩეველი იენს პლეტნერი
უკრაინა დათანხმდა აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე რუსეთთან. რუსეთი კი ცეცხლის შეწყვეტისთვის პირობებს აყენებს, მათ შორის - კიევის მიერ მობილიზაციის ძალისხმევისა და უკრაინაში დასავლეთის იარაღის ნაკადების შეწყვეტას. ამ პირობების შესრულებას არ ეთანხმება უკრაინა.
პუტინთან შეხვედრის შემდეგ, უიტკოფმა „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა რწმენა, რომ შეთანხმება „მოჩანს“ და რომ „პუტინი რასაც ითხოვს, არის მუდმივი მშვიდობა“ და რომ საუბარი შეეხებოდა „ე.წ. ხუთ ტერიტორიას“, რომლებშიც იგულისხმება უკრაინის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მოსკოვს თავისად აქვს გამოცხადებული.
პარიზში მოლაპარაკებების დაწყების პარალელურად, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სანამ ვაშინგტონი მშვიდობისთვის იღვწის, „ევროპელებისგან ვხედავთ ფოკუსირებას ომის გაგრძელებაზე“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდა აიძულონ რუსეთი, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას.
რუსეთი აგრძელებს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას. 17 აპრილს რუსეთმა ავიაციის გამოყენებით დარტყმა განახორციელა ხერსონზე და არტილერიის გამოყენებით კი დაარტყა ნიკოპოლს. არის მსხვერპლი.