დაკავებული მიხეილ სამხარაძისა და გიორგ ორთოიძისადმი სოლიდარობის ნიშნად პარლამენტთან დღეს შუადღეს, 12 საათისთვის დემონსტრანტები მივიდნენ.
„ქრისტე აღსდგა“ დანაშაულია? - აწერია ერთ-ერთ დემონსტრანტის მიერ მიტანილ ფურცელზე. აქციის მონაწილეთა თქმით, ერთ-ერთი მათგანი პოლიციელებმა წაიყვანეს, რადგან პოლიციელებს ეუბნებოდა, „ქრისტე აღსდგა ბიჭებოო“.
„გადაბრძანდით“ - უთხრა ერთმა პოლიციელმა დემონსტრანტს, რომელსაც ეს ფურცელი ეჭირა ხელში. ის უკვე ტროტუარზე იდგა და სავალ ნაწილზე არ გადასულა. დემონსტრანტები ტროტუარზე იმყოფებოდნენ.
„რატომ, მე არ მაქვს უფლება, კითხვა დაგისვათ?.. რატომ დააკავეთ ადამიანი, „ქრისტე აღსდგას“ თქმის გამო?“ - იკითხა დემონსტრანტმა.
ამაზე კი პოლიციელმა უპასუხა, რომ აქციის მონაწილემ „დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი... „ქრისტე აღსდგას“ დაძახებაზე არავის დაუკავებია“.
„ქრისტე აღსდგა, ბიჭებო“, „მე სამშობლო მაქვსო, ოლიგარქს არა აქვსო, დელია, დელია“, „პოლიციელო, პარტიის მსახურება ქვეყნის მსახურება არ არის“, - ეწერა მათ მიერ მიტანილ ტრანსპარანტებს.
„მათი შიში, ჩვენი ძალა“, - ასეთია აქციის მთავარი ლოზუნგი.
აღდგომის დღეს, გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, პოლიციამ მიხეილ სამხარაძე და გიორგი ორთოიძე ადმინისტრაციული წესით დააკავა.ორივე მათგანი ამ დრომდე იზოლატორში რჩება.
ჯერ არ გარკვეულა, როდის დაინიშნება სასამართლო.
მიხეილ სამხარაძის ადვოკატი, მარიამ მაღრაძე ამბობს, რომ სამხარაძეს მოსთხოვეს, გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადაწეულიყო, დაკავებისას კი უკვე ტროტუარზე იდგა.
ადვოკატი უკანონოს უწოდებს მიხეილ სამხარაძის დაკავებას.
ასევე, ამბობს, რომ დაკავებისას სამხარაძე წააქციეს და მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
გიორგი ორთოიძის ცოლი, ნათია ბუკია ფეისბუკზე წერს:
„ქმარი ხელიდან წამართვეს, იმიტომ, რომ თურმე ტროტუარზე დგომა აღარ არის საკმარისი! ტროტუარიდანაც უნდა გადავწეულიყავით! რომ მიყავთ, ვიდეოში ისმის, "რა საჭიროა ეს, ისედაც წამოგყვებითო"! მე დავრჩი ერთ ადგილას, არც გავყევი, არ გავნძრეულვარ და ჯიუტად ვიცავდი ჩემს კანონიერ უფლებას, რომ ვმდგარიყავი ტროტუარზე! ბოლოს მითხრეს, კარგი, იდექიო… მერე ტროტუარზე იდგნენ უამრავი შავებში ჩაცმული, არ ვიცი რას რისგან იცავდნენ, ჩვენ უფრო ცოტანი ვიყავით და გულიანად იცინოდნენ“.