პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ სადავო ცვლილება დაჩქარებული წესით მიიღო

1 week ago 11
წყარო: საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „საგადასახადო კოდექსში“ სადავო ცვლილებას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმოტანას ამარტივებს. ცვლილებას 73-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ცხრამ კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ცვლილების თანახმად, ფიზიკურ პირებს ჩამოეწერებათ 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი. ამასთან, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე ან აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან.

ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ამ ცვლილებასა და „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს შორის კავშირზე ალაპარაკდა. მათ მიაჩნიათ, რომ საგადასახადო კოდექსში ცვლილების მიზანი „ქართული ოცნების“ და კონკრეტულად, მისი დამფუძნებისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაცვაა შესაძლო საერთაშორისო სანქციებისგან. სხვების აზრით, შეცვლილი საგადასახადო რეჟიმი რუსეთის სანქცირებულ პირებს აქტივების საქართველოში გადმოტანაში დაეხმარება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა