პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი პირველი მოსმენით მიიღო

1 week ago 16

83 ხმით 0-ის წინააღმდეგ - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მომხსენებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

კანონპროექტის განხილვას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დარბაზი დაატოვებინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას და „ლელოს“ წევრს, ანა ნაცვლიშვილს.

პროცედურის თანახმად, კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები; პარლამენტმა კანონპროექტი სამი მოსმენით უნდა განიხილოს და საბოლოოდ კენჭს უყაროს დასამტკიცებლად. მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით; მესამე მოსმენისას კი შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები.

საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

პარლამენტის შენობის უკან მიმდინარეობს აქცია სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს“. ამ კანონპროექტს მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ.

წუხელ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა.აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს კონდახებით სცემეს.

ომბუდსმენმა 16 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, „22:00 საათისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში "რადიო თავისუფლებას" უთხრეს, რომ თბილისში 16-17 აპრილს გამართულ აქციაზე 18 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. სამინისტრო სხვა დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. სახალხო დამცველის განცხადებით, მათ ნაწილს ფიზიკური დაზიანებები აქვთ.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.

სრულად წაკითხვა