პატრიარქის არჩევნები 11 მაისს – სამების მიმდებარე ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

2 weeks ago 34

ხვალ, 11 მაისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები გაიმართება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე აირჩევენ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიას 11 მაისს ჩანიშნული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების დღის წესრიგი და ღონისძიების დეტალები გააცნო.

მისი ინფორმაციით, კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება და კრებაზე დასწრება მხოლოდ სპეციალური სიებით იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა მხოლოდ ტაძრის შიგნით სივრცეს ეხება, კრების მიმდინარეობისას ტაძრის ეზოში ყოფნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სამებაში ფეხით მისვლა შესაძლებელი იქნება ახვლედიანის ქუჩიდან და მეტრო „ავლაბრიდან“ იმ აღმართით, რომელიც საკათედრო ტაძარში მიდის.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, 10:00-იდან 12:00 საათამდე სტუმრებს და დელეგატებს მიიღებენ.

მისივე განმარტებით, ღონისძიება ტელევიზიით ნაწილობრივ გაშუქდება, კერძოდ, საზოგადოება პირველი არხის პირდაპირ ეთერში ნახავს საეკლესიო კრების გახსნას და კენჭისყრის პროცესს; ხმების დათვლა აღარ გადაიცემა ტელემედიის საშუალებით, ხოლო საბოლოო შედეგი პირდაპირ ეთერში გამოცხადდება. პატრიარქის არჩევის შემდეგ დადგინდება ინტრონიზაციის თარიღი და ადგილი.

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს წმინდა სინოდმა სხდომაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩია: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ -ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე განაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ 20 ხმა მიიღო, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.

ეს სამი მღვდელმთავარი იყრის კენჭს გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატი. კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მხოლოდ მღვდელმთავრები მონაწილეობენ.

თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმათა ნახევარზე მეტს, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელსაც პირველი კენჭისყრის შედეგად მეტი ხმა ექნება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდება ის კანდიდატი, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის წესი განსაზღვრულია საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, რომელიც 1995 წლის 18-19 სექტემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გამართულ საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ მე-13 კრებაზე მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება:

საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით;

ნაწილობრივ შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა ბუხაიძის ქუჩაზეც. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის;

საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და ახვლედიანის აღმართზე; ასევე, ნიაბის ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით;

მეტროსადგურ „ავლაბრის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გონაშვილის ქუჩიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით.

უწყების ცნობით, საპარკინგე სივრცე მოეწყობა ახვლედიანის მოედანზე და ხეთაგუროვის ქუჩაზე, საიდანაც სამების ტაძრისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსების საშუალებით ან ფეხით ახვლედიანის ქუჩით. ასევე, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ფეხით გონაშვილის ქუჩით.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, გვიან საღამოს გარდაიცვალა, 93 წლის ასაკში. იგი 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

დაკავშირებულ თემაზე: „საქართველო, მიყვარხარ!“ – ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს

სრულად წაკითხვა