WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აშშ პირდაპირი ეთერით აჩვენებს დახვრეტის რაზმის მიერ 13 ადამიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის სიკვდილით დასჯის მომენტს - იუწყება პენტაგონი. სიკვდილმისჯილი პირია ნიდალ ჰასანი, უწინ არმიის ფსიქიატრი, რომელმაც 2009 წელს ფორტ ჰუდის სამხედრო ბაზაზე 13 ადამიანი მოკლა. 1945 წლის შემდეგ ჰასანი იქნება პირველი ადამიანი, რომელსაც სიკვდილით დასჯის აშშ-ის არმიის დახვრეტის რაზმი. ამ აქტის ეთერით გადაცემა უპრეცედენტო შემთხვევა იქნება.

განაჩენის აღსრულება 3 დეკემბერსაა დანიშნული, ტეხასის იმავე ბაზაზე, სადაც ჰასანმა სამედიცინო დაწესებულებაში ცეცხლი გახსნა და ადამიანები დახოცა. მისთვის გამოტანილი განაჩენის ფონია აშშ-ში გამძაფრებული დისკუსია სიკვდილით დასჯის შესახებ - მას მერე, რაც გასულ კვირაში წარუმატებლად დასრულდა ტენესის შტატიდან ქალის განაჩენის აღსრულება, სასიკვდილო ინიექციით.

"ეს პირდაპირი სტრიმით გადაიცემა. დეტალები დაკონკრეტდება" - უთხრა პენტაგონის წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს, ანონიმურობის დაცვის პირობით.

სიკვდილით დასჯის სტრიმით გადაცემის გეგმა პლატფორმაზე X დაადასტურა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა - რომელიც გამოდიოდა მოწოდებით ჰასანი სიკვდილით დახვრეტის რაზმს დაესაჯა.

სააგენტო ფრანს-პრესი (AFP) ავრცელებს გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლის შეფასებას - რომ "სიკვდილით დასჯის პირდაპირი ეთერით ჩვენება სიკვდილით საჯაროდ დასჯის ტოლფასია, და ეს დაარღვევს წამების აბსოლუტურ აკრძალვას".

მედიას წარსულშიც უცდია აშშ-ში აღსრულებული სასიკვდილო განაჩენების ეთერში გადაცემა, მაგრამ მას ამის საშუალებას სასამართლოები არ აძლევდნენ. ანალიტიკოსების შეფასებით, სიკვდილით დასჯის კანონიერი განაჩენის აღსრულების აქტს ტელევიზიით არც ერთი ქვეყანა არ აჩვენებს.

სიკვდილით დასჯის აქტების საჯაროდ მოწყობა მსოფლიოში ამჟამად იშვიათია. ბოლო წლებში ეს ხდება ირანში და თალიბანის მიერ მართულ ავღანეთში - წერს სააგენტო Reuters-ი.

სასამართლოს მიღმა, ლინჩის წესით აღსრულებული სასჯელები აშშ-ში საჯარო სცენები იყო მეოცე საუკუნის პირველ ხანებამდეც. ლინჩის წესით როგორც წესი თეთრკანიანი მოძალადეების ჯგუფები სჯიდნენ შავკანიან ამერიკელებს. კანონიერი სიკვდილით დასჯა აშშ-ში საჯაროდ ბოლოს 1936 წელს ჩატარდა - ამბობენ სიკვდილით დასჯის ფენომენის შემსწავლელი ანალიტიკოსები. 1936 წელს ათასობით ადამიანმა უყურა ახალგაზრდა შავკანიანი კაცის ჩამოხრჩობას - მას თეთრკანიანი ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ.

"ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ხალხს ამის ხილვა შეეძლოს, რომ ეს საჯარო იყოს. იმიტომ, რომ ხალხმა უნდა გაიგოს ... ასეთ რაღაცეებს სერიოზული შედეგები მოჰყვება" - განაცხადა ჰეგსეთმა გადაცემაში Human Events Daily.

კითხვას, აქვს თუ არა ჰასანს რაიმე უკანასკნელი თხოვნა, ჰეგსეთმა უპასუხა - "ეს არ მაინტერესებს. მას 3 დეკემბერს ვიხილავთ".

ჰასანს სასიკვდილო განაჩენი სამხედრო ტრიბუნალმა გამოუტანა 2013 წლის აგვისტოში - იგი დამნაშავედ სცნეს წინასწარ დაგეგმილ მკვლელობებში.

ჰასანი ამჟამად 56 წლისაა. დანაშაული მან ჩაიდინა რამდენიმე კვირით ადრე, სანამ ავღანეთში უნდა გადაეყვანათ. დაპატიმრების მომენტში იგი პოლიციამ დაჭრა, რის შემდეგაც ის ნაწილობრივ პარალიზებულია და ეტლით სარგებლობს.

აშშ-ის სამხედრო კანონებით, სასიკვდილო განაჩენის დახვრეტის რაზმის მიერ აღსრულება აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა დაადასტუროს. პენტაგონმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ ჰეგსეთის რჩევის საფუძველზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაბამისი თანხმობა უკვე გასცა.

სააგენტო Reuters-ის თანახმად, თეთრმა სახლმა უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე უჭერს თუ არა ტრამპი მხარს სასიკვდილო განაჩენის აღსრულების პირდაპირი ეთერით ჩვენებას და კითხვები პენტაგონთან გადაამისამართა.