„მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს პირველი არხის ჟურნალისტებზე განხორციელებულ არნახულ ზეწოლას, განსაკუთრებით მიზანმიმართულად და პროვოკაციულად მოქმედებენ ცალკეული ტელევიზიების წარმომადგენლები და არ გვეძლევა მუშაობის საშუალება“, - წერია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ „პირველი არხი იყო და დარჩება თავისუფალი და დაიცავს სარედაქციო დამოუკიდებლობას ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად“.
დღესაც ისე, როგორც გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, თბილისში, კოსტავას #68-ში აქცია გაიმართა. ის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო ოთხი დღეა პარლამენტთან აქციას მართავენ, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ითხოვენ, საეთერო დრო დაუთმონ. გუშინ გამართული აქციის შემდეგ, მათ ტელევიზიის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე შეხვდნენ. იმავე დღეს ეთერში გავიდა გადაცემა, რომელშიც აქციის მონაწილეები მიიწვიეს.
ტელევიზიასთან დღევანდელ აქციასაც იგივე მოთხოვნა ჰქონდა. გადაიკეტა საავტომობილო გზაც. აქციას პირველი არხიდან ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი აშუქებდა.
ერთ-ერთი ინციდენტი, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება ეხება, პირველი არხის მაყურებელმა 20:08 საათზე ნახა. „მოამბის“ ეთერში გავიდა ფრაგმენტი ჟურნალისტ სალომე ქოქიაშვილსა და აქციის ერთ-ერთ მონაწილე ნინია კაკაბაძეს შორის კომუნიკაცია. კაკაბაძე წლების წინ ამავე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.
„შენ იყავი მიშას ერთგული ჟურნალისტი, მე ვიყავი ოპოზიცია. ამის მოწმე ძალიან ბევრია. უსინდისობაა შენგან იმაზე ლაპარაკი, რომ თურმე მე ოდესმე ვინმეს... მაშინაც ვაპროტესტებდი ამ ტელევიზიის შინაარსს და ახლაც...“ - მიმართა კაკაბაძემ ქოქიაშვილს, რაზეც ჟურნალისტმა ასე უპასუხა: „არავისთვის მიმიწერია, ქალბატონო ნინია, ფული მჭირდება და ბორდში ამირჩიეთო“.
ამ რეპლიკის შემდეგ კაკაბაძემ პირველი არხის მიკროფონს ხელი სტაცა, თავისკენ მიიზიდა და ამბობდა „მაგას სჭირდება მტკიცებულება“. რამდენიმე წამის განმავლობაში ჟურნალისტი ცდილობდა მიკროფონის დაბრუნებას. ამ დროს მან თქვა: „ხელი გაუშვით... რაც საჭირო იყო ვთქვი... ტყუილი არის თქვენი მოგონილი...“
მეოთხე დღეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
დემონსტრანტები საზოგადოებრივ მაუწყებელს ამბების მიკერძოებულად გაშუქებაში ადანაშაულებენ, რის პასუხადაც პირველი არხი ამბობს, რომ აქციები პირდაპირ ეთერში გადაიცემა.