პირველი არხი: თანამშრომელთა მცირე ნაწილის განცხადებები ვერ დარჩება რეაგირების გარეშე

4 weeks ago 21

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ვერ დატოვებენ იმ თანამშრომლების განცხადებებს რეაგირების გარეშე, რომელშიც საუბარია ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით პრობლემებზე.

ეს არის პირველი განცხადება მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭომ არხის მენეჯმენტს რამდენიმე ჟურნალისტის წინააღმდეგ პროკურატურისთვის მიმართვა ურჩია.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლების (საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები – GPB Guardians) მცირე ნაწილის მხრიდან, რომლებიც უერთდებიან მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტს, არაერთხელ დაირღვა შრომითი ხელშეკრულების პირობები, ასევე მაუწყებლის შრომის შინაგანაწესი (რომელიც ხელშეკრულების ნაწილია). მათ მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებები იწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ცრუ ბრალდებების ტირაჟირებას და მედიაორგანიზაციის იმიჯის, ნდობის დაზიანებას, რაც ვერ დარჩება რეაგირების გარეშე“, - წერია განცხადებაში.

ამ განცხადებამდე სამი დღით ადრე, 21 მარტს ტელევიზიის ახალ შენობაში შეიკრიბა სამეურვეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა, ისე, რომ განსხვავებული აზრის მქონე არცერთი მეურვე არ დაესწრო სხდომას. შეკრებილებმა არხის თანამშრომლების - ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის შესახებ იმსჯელეს.

ვასილ მაღლაფერიძემ; გრიგოლ (გია) მურღულიამ; გიორგი კოხრეიძემ; თამილა დოლიძემ; ბონდო მძინარაშვილმა; იზებელა ოსიპოვამ; გიორგი იაკობაშვილმა და სოსო სტურუამ პროკურატურის ჩართულობა და აღნიშნული ჟურნალისტების საქმის შესწავლა მოითხოვეს.

„სამეურვეო საბჭოს წევრთა მიერ გამოთქმულ შეფასებებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი“, - წერია პირველი არხის მენეჯმენტის განცხადებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია, რომელიც მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, „მკაცრად გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების დევნას არხის სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ“.

სრულად წაკითხვა