„პოლიცია ფიზიკურად გამისწორდა, ნეკნი მაქვს მოტეხილი“ — ალეკო ელისაშვილი

1 week ago 11

პარლამენტარი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პოლიციამ მას გუშინ, 17 აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე სცემა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა.

ის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვაჟა სირაძეს ადანაშაულებს.

„უშუალოდ ვაჟა სირაძის დავალებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ რამდენიმე საათით გადამიყვანეს შსს-ს დიდუბის განყოფილებაში, იქ ადამიანური გარემო იყო. შემდეგ მოვედი კლინიკაში და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი,“ — ამბობს ელისაშვილი, რომელსაც დაზიანებები სახეზეც ეტყობა.

მისი პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასმის ვიდეო ტვ „პირველმა“ წუხელვე გაავრცელა.

ალეკო ელისაშვილმა 15 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მუშტი დაარტყა „ქართული ოცნების“ წევრს, უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს იმ დროს, როცა ის რუსულ კანონზე საუბრობდა. ოპოზიციონერ დეპუტატს კომიტეტის დარბაზშივე რამდენიმე დეპუტატი იქვე გაუსწორდა ჯგუფურად, რის შემდეგაც ელისაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა.


17 აპრილს საქართველოს პარლამენტის 83-მა დეპუტატმა, მიუხედავად მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა გამჭვირვალობის საფარქვეშ შემუშავებულ რუსულ კანონს. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში 2012 წლიდან დღემდე ეტაპობრივად გააქრო დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები და სამოქალაქო ორგანიზაციები. რამდენიმე დღეა, რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მრავალათასიანი აქციები იმართება. მოქალაქეები აღნიშნულს აპროტესტებენ საქართველოს სხვა ქალაქებშიც. 
სრულად წაკითხვა