პოლიციამ მოქალაქე გააჩერა და „ტელეგრამის“ დათვალიერება მოსთხოვა, უარის შემდეგ ვერ ვპოულობთ - ადვოკატი

1 day ago 9

საპროტესტო დემონსტრაციების ერთ-ერთი მონაწილე, ლუკა კინწურაშვილი, რომელიც პოლიციამ გააჩერა და „ტელეგრამის“ დათვალიერება მოსთხოვა, 20:00 საათის შემდეგ არ გამოდის ხაზზე და ადვოკატი მას ვერ პოულობს, - იუწყება უფლებადამცველი ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე.

თამთა მიქელაძის ცნობით, 31 მარტს, 20:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე პოლიციამ ლუკა კინწურაშვილი გააჩერა და ტელეფონში „ტელეგრამის“ დათვალიერება მოსთხოვა.

კინწურაშვილმა უარი განაცხადა, შემდეგ დაუკავშირდა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადვოკატ მარიამ პატარიძეს და დახმარება სთხოვა.

ადვოკატმა პატარიძემ პოლიციას ტელეფონით მოსთხოვა განმარტება, „თუ რა სამართლებრივი საფუძვლით და რა პროცედურით სთხოვდნენ ლუკას პირადი ტელეფონის დათვალიერებას“, - წერს მიქელაძე.

მისი ცნობითვე, განუცხადა, რომ თავადაც მალევე იქნებოდა ადგილზე, რათა პოლიციას მისი მონაწილეობით ჩაეტარებინა ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიება.

„პასუხად პოლიციამ ლუკას ტელეფონი წაართვა და მას შემდეგ, 20:00 საათიდან, მასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება“, - აცხადებს თამთა მიქელაძე.

მისი თქმითვე, შსს-ში დარეკეს, ასევე, სცადეს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე ინფორმაციის მიღება, მაგრამ ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს.

„ლუკას ოჯახის წევრებმა 4 საათის შემდეგაც არაფერი იციან მის შესახებ. წარმოიდგინეთ მათი და ჩვენი მდგომარეობა“, - წერს უფლებადამცველი.

თამთა მიქელაძე შსს-ს მოუწოდებს, მიაწოდონ ინფორმაცია ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ.

უფლებადამცველის ცნობით, კინწურაშვილი 2024 წლის ივლისში პოლიციამ უკანონოდ დააკავა:

„მაშინ, ქუჩაში, ზოომაღაზიაში მიმავალს, პოლიციამ გზა გადაუღობა. როცა ლუკამ უკანონო შემოწმებას პროტესტი გამოუცხადა, ძალით ჩატენეს დაბურულფანჯრებიან მანქანაში და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. იქ მას ეკითხებოდნენ, თუ რას ფიქრობდა „გადახრილებზე“ და 17 მაისზე, სთავაზობდნენ ცხვრის მოკვლას და სისხლის დალევას (ვეგანია), ეკითხებოდნენ მის დამოკიდებულებას აბორტზე და სხვა საკითხებზე“.

სრულად წაკითხვა