პრეზიდენტ ტრამპის საინაუგურაციო გამოსვლის მთავარი აქცენტები

4 hours ago 4

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო ფიცის დადების შემდეგ, მისი პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ განცხადებებს, რომელიც პრეზიდენტმა გააკეთა, საგარეო, ეკონომიკური და რამდენიმე სხვა მიმართულებით:

ეკონომიკა

„ჩემი კაბინეტის ყველა წევრს დავავალებ, გამოიყენოს მათი ხელთ არსებული შესაძლებლობები, რათა დავძლიოთ რეკორდული ინფლაცია და სწრაფად დავაგდოთ ფასები. ინფლაციის კრიზისი გამოწვეული იყო მასიური ხარჯვით და ენერგიის ფასების ზრდით, სწორედ ამიტომ დღესვე გამოვაცხადებ ეროვნულ ენერგეტიკული საგანგებო მდგომარეობას. ჩვენ ყველგან გავბურღავთ ძვირფასებო, სადაც გასაბურღია”.

„ამერიკა კვლავ იქცევა სამრეწველო სახელმწიფოდ, და ჩვენ გვაქვს ის, რაც სხვა სამრეწველო ქვეყნებს არასდროს ექნებათ: ყველაზე დიდი რაოდენობის ნავთობი და გაზი მსოფლიოში, და ჩვენ მას გამოვიყენებთ”.

„ჩვენ დავწევთ ფასებს, ავავსებთ სტრატეგიულ რეზერვებს, და გავიტანთ ამერიკულ ენერგიას მთელ მსოფლიოში. ჩვენ კვლავ გავხდებით მდიდარი სახელმწიფო და ამაში ჩვენ დაგვეხმარება მიწისქვეშ ჩვენი "თხევადი ოქრო".

გარემოსდაცვითი პოლიტიკა

„დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილებით დასრულდება „ახალი მწვანე შეთანხმება“, გავაუქმებ ელექტრომობილების მანდატს, რაც გადაარჩენს ჩვენს საავტომობილო ინდუსტრიას და შეასრულებს ჩემს დანაპირებს, ჩვენი შესანიშნავი ამერიკელი ავტომწარმოებლების მიმართ.“

იმიგრაცია

„არალეგალურად შემოსვლა [ამერიკაში] დაუყოვნებლივ შეჩერდება, და ჩვენ დავიწყებთ მილიონობით კრიმინალი უცხოელის უკან გაბრუნების პროცესს, საიდანაც ისინი ჩამოვიდნენ”.

„ჩვენ აღვადგენთ ჩემს „დარჩი მექსიკაში“ პოლიტიკას. დავასრულებ „დაიჭირე და გააბრუნე“ პრაქტიკას და გავაგზავნი ჯარს სამხრეთ საზღვარზე, რათა შეწყდეს ჩვენს ქვეყანაში კატასტროფული შემოსევა”.

„დღეს ხელმოწერილი ბრძანებების თანახმად, ნარკოკარტელებს ვაცხადებ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად”.

ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია ფოტოებში Photo Gallery:

ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია ფოტოებში

ვაშინგტონში საპრეზიდენტო ინაუგურაციის 60-ე საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს. დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტის როლში ერთი ვადის გამოტოვებით დაბრუნდა. მსგავსი რამ ამერიკის ისტორიაში თითქმის საუკუნენახევარია არ მომხდარა.

„და 1798 წლის “უცხოელი მტრების აქტის” საფუძველზე, დავავალებ ჩვენს მთავრობას, გამოიყენოს ფედერალური და შტატების სამართალდამცავი ორგანოების მთელი ძალა, რათა დავშალოთ ყველა უცხოური ბანდა და კრიმინალური ქსელი, რომელიც საშინელ დანაშაულს ავრცელებს ჩვენს მიწაზე, მათ შორის - ქალაქებში და გარეუბნებში”.

„როგორც მთავარსარდალი, ჩემი უმაღლესი პასუხისმგებლობაა დავიცვა ჩვენი ქვეყანა მტრისგან და შემოსევებისგან და სწორედ ამას გავაკეთებ.“

ომსა და მშვიდობაზე

„ჩვენ ვიქნებით უპრეცედენტო ქვეყანა, სავსე თანაგრძნობით, სიმამაცით და გამორჩეულობით; ჩვენი ძალა შეაჩერებს ყველა ომს და მოუტანს ახალი ერთიანობის სულს სამყაროს, რომელიც სავსეა ბრაზით, ძალადობითა და სირთულეებით. ამერიკა კვლავ იქნება პატივსაცემი და აღმაფრთოვანებელი”.

„ჩემი ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა იქნება ვიყო მშვიდობის მომტანი და გამაერთიანებელი. სწორედ ეს მინდა ვიყო: მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი. მოხარული ვარ, ვთქვა, რომ გუშინ, ერთი დღით ადრე, ვიდრე ჩემს თანამდებობას დავიკავებდი, ახლო აღმოსავლეთში მძევლები შინ დაბრუნდნენ.“

„ჩვენ კვლავ ავაშენებთ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალას. ჩვენ ჩვენს წარმატებას არ შევაფასებთ მხოლოდ ბრძოლის მოგებით, არამედ იმ ომებითაც, რასაც ავიცილებთ თავიდან”.

პანამა

„პანამამ ჩვენთან დადებული პირობა დაარღვია. ჩვენი ხელშეკრულების არსი და სული სრულად ირღვევა. ამერიკული გემები იბეგრებიან უსამართლოდ, მათ შორის შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტი, და უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი მართავს პანამის არხს. ჩვენ ის ჩინეთისთვის არ მიგვიცია, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნდებთ”.

რასა და გენდერი

„ამ კვირაში ასევე დავასრულებ მთავრობის პოლიტიკას, რომელიც ცდილობს რასისა და გენდერის საზოგადოებრივ და კერძო ცხოვრებაში ხელოვნურად ჩართვას.

ჩვენ შევქმნით საზოგადოებას, რომელიც არის ფერის გარეშე და დამსახურებაზე დაფუძნებული. დღეიდან, ამერიკის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება ის, რომ არსებობს მხოლოდ ორი გენდერი: მამაკაცი და ქალი.“

მომავლის გეგმები

„ამერიკა კვლავ განიხილავს საკუთარ თავს მზარდ სახელმწიფოდ, რომელიც ზრდის თავის სიმდიდრეს, აფართოებს თავის ტერიტორიას, აშენებს ახალ ქალაქებს, მაღლა სწევს მოლოდინებს და ასრულებს გეგმებს ახალ, ულამაზეს ჰორიზონტებზე.

ჩვენ მივყვებით ჩვენს დასახულ მიზანს ვარსკვლავებამდე, გავუშვებთ ამერიკელ ასტრონავტებს, რომ ვარსკვლავებიანი და ზოლებიანი დროშა ააფრიალონ პლანეტა მარსზე.“

მკვლელობის მცდელობა

„რესპუბლიკის დაბრუნებისკენ მიმავალი გზა მარტივი არ ყოფილა... მათ, ვინც ჩვენს შეფერხებას ცდილობდა, ჩემი თავისუფლების და ჩემი სიცოცხლის ხელყოფა სცადეს. რამდენიმე თვის წინ, პენსილვანიის ულამაზეს მინდორზე, მკვლელის ტყვიამ გამიარა ყურში, მაგრამ მაშინ ვიგრძენი და დღესაც ასე ვთვლი, რომ ღმერთმა განზრახ დამიცვა. ღმერთმა გადამარჩინა იმ მიზნისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გახდეს”.

სახელწოდებების ცვლილება

„ამერიკა დაიბრუნებს თავის ღირსეულ ადგილს, როგორც ყველაზე დიდი, ძლიერი და პატივსაცემი სახელმწიფო დედამიწაზე. მალე ჩვენ შევცვლით მექსიკის ყურის სახელს და ვუწოდებთ მას „ამერიკის ყურეს“, და აღვადგენთ დიდი პრეზიდენტის, უილიამ მაკკინლის სახელს მაკკინლის მთაზე”.

ერთიანობა

„ჩვენ ღვთის წინაშე ერთი ხალხი, ერთი ოჯახი და ერთი დიადი ერი ვართ. ყველა მშობელს, ვინც ოცნებობს თავისი ბავშვისთვის, და ყველა ბავშვს, ვინც ოცნებობს თავისი მომავლისთვის: თქვენთან ვარ. ვიბრძოლებ თქვენთვის და გავიმარჯვებ თქვენთვის. ჩვენ გავიმარჯვებთ ისე, როგორც არასდროს".

სრულად წაკითხვა