პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

1 week ago 1

24 დეკემბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში შეხვდა ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუბარი შეეხო ახალი არჩევნების ჩატარების გზებსა და სამომავლო სამოქმედო გეგმას.

"გვქონდა ძალიან სასარგებლო და კარგი საუბარი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რა პირობებში იმისათვის, რომ გამოირიცხოს ის უმსგავსობები, რაც ჩვენ ვიხილეთ 26 ოქტომბერს. ამავდროულად, ვმსჯელობთ პრეზიდენტთან ერთად იმაზე, თუ როგორ უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, რომ იყოს უზრუნველყოფილი ახალი არჩევნები. პრეზიდენტმა განაცხადა მზაობა დიალოგისთვის ბიძინა ივანიშვილთან", - განაცხადა მან.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტთან ერთად განიხილეს, მათ შორის, 29 დეკემბრის შემდგომი სამოქმედო გეგმაც.

"მიმდინარეობს მუშაობა. იმაზე ვთანხმდებით, რომ პრინციპული საკითხები უნდა იყოს შეთანხმებული. იმ შემთხვევაში, თუ კეთილგონიერებას გამოიჩენს ხელისუფლება და წამოვა მოლაპარაკებებზე, მზად უნდა გვქონდეს კრიზისიდან გამოყვანის ხედვები.

მეტნაკლებად, ჩვენი მოსაზრებების ძირითადი ჩარჩო მზადაა. თუმცა მოლოდინი არავის გვაქვს, რომ ამ კეთილდონიერებას გამოიჩენს ხელისუფლება. 29 დეკემბრის შემდეგაც უნდა გვქონდეს კონკრეტული ნაბიჯების გეგმა", - თქვა მან.

პარტია "ახალის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს დღეს ერთიან ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების კონტურები გამოიკვეთა. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, როგორც საზოგადოების ნაწილმა, ასევე პოლიტიკურმა ნაწილმა: "ამ მხრივ მთავარი მიმართულება არის ის, ვინც დარჩა ამ ქვეყანაში ლეგიტიმური, ეს არის სალომე ზურაბიშვილი".

სრულად წაკითხვა