პრეზიდენტის ინტერვიუ BBC-სთან

1 week ago 14

17 აპრილს BBC-სთან ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი „პირდაპირი პროვოკაციაა“, რომლის მიზანიც ევროკავშირში ინტეგრაციისა და „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ ხელის შეშლაა.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტი „შემაშფოთებელია, რადგან ეს არის ზუსტად პუტინის კანონის ასლი, რომელიც 2012 წელს იქნა მიღებული“. „ეს არის კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ეწინააღმდეგება. ეს არის კანონი მედიის საქმიანობის წინააღმდეგ. და ეს არის კანონი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ევროპის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა თუ შეერთებული შტატების ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც ბოლო 30 და მეტი წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობას, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, ჩვენი ეკონომიკის განვითარებას უჭერენ მხარს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, კანონპროექტის ხელახალი ინიცირება არის „პირდაპირი პროვოკაცია კანონის უზენაესობისა და საზოგადობის წინააღმდეგ“.

როდესაც წამყვანმა მას სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა „ქართული ოცნების“ მტკიცებაზე, რომ კანონპროექტი ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვისაა საჭირო, პრეზიდენტმა განაცხადა: „ყველაფერი ძალიან გამჭვირვალეა, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მხარს უჭერენ, ძალიან მკაცრი წესები აქვთ, როდესაც ისინი ორგანიზაციებს აფინანსებენ. არის ვებსაიტები, რომლებზეც ყველას შეუძლია ყველა ამ დეტალის მოძიება“.

„რაც არ არის გამჭვირვალე, არის კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე, არ არის გამჭვირვალე, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ეს გადაწყვეტილება კანონის ხელახალი შემოტანის შესახებ, რომელზეც ყველა ჩვენმა ევროპელმა პარტნიორმა თქვა, რომ ჩვენს ევროპულ მომავალს და ინტეგრაციას ეწინააღმდეგება. ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო? საქართველოში თუ ჩვენს საზღვრებს გარეთ, მოსკოვშია ეს გადაწყვეტილება მიღებული? ესაა მთავარი კითხვა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო და უფრო ხშირად სვამს. ჩვენ მასობრივი დემონსტრაციების მესამე დღე გვაქვს, მასობრივი და მშვიდობიანი დემონსტრაციების და ხელისუფლებას მოვუწოდებ, არ მიმართონ პირდაპირ, ან ირიბ შევიწროებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კითხვაზე შეუშლის თუ არა კანონპროექტი ხელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ეს არის კანონი, რომელიც ნათლად აჩვენებს ძალაუფლებაში მყოფი ზოგიერთის განზრახვას დაბრკოლებები შექმნას ჩვენს ევროინტეგრაციის გზაზე. მაგრამ ის, რაც ქუჩაში ხდება აჩვენებს, რომ ხალხს ევროპისკენ წასვლა აქვს გადაწყვეტილი. მთავარი გამოცდა 26 ოქტომბერს არჩევნებთან ერთად მოვა. და ეს კანონი ასევე საშუალებაა, რომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ხელი შევუშალოთ, მაგრამ არა მგონია ეს მოხდეს, რადგან ეს მოსახლეობა საუკუნეების მანძილზე უდრეკად ინარჩუნებს მის დამოუკიდებლობასა და დამოუკიდებელ წარსულს.“

პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ის კანონპროექტს ვეტოს დაადებს, როგორც ეს ადრეც არაერთხელ გაუკეთებია. „ჩემი ვეტო ხალხის ხმაა და ეს ხმა ხმამაღლა და ნათლად იქნება გაგონილი“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა